Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპელმა მწვანეებმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატობას მხარი დაუჭირეს 

ევროპის მწვანეთა პარტიამ უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

„უკრაინელი ხალხი იბრძვის დემოკრატიული, თავისუფალი უკრაინის მომავლისთვის. ახლა, დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა იმუშაონ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და გააძლიერონ ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაცია“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც 3-5 ივნისს რიგაში გამართულ საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ასევე საჭიროა ძალისხმევა საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად“.

რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეჟიმი სისტემატურად განაგრძობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოხდენას, ცდილობდა რა დემოკრატიისკენ მათი სვლის შეჩერებასა და რეგიონში პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოწყობას.

„ეს მოიცავს დნესტრისპირეთში – სუვერენული სახელმწიფოს, მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიზე 30-წლიან სამხედრო კონცენტრაციას, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სეპარატისტულ მოძრაობებს, სამხედრო კონფლიქტს საქართველოსთან 2008 წელს და ასევე სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ წარსულში და ყირიმის ანექსიას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამჟამად, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მათ კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებას ელიან. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ივნისის ბოლოს მიიღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button