ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ფრანგ და ბულგარელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში 16-18 მაისის ვიზიტის ფარგლებში, ფრანგ და ბულგარელ კოლეგებს – ჟან-ივ ლე დრიანს და ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოს მიერ 10 მაისს ევროკავშირის წევრობის კითხვარზე პასუხის მეორე, საბოლოო ნაწილის წარდგენა უძღვოდა. პარალელურად, 16-17 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე შეიკრიბნენ.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ლე დრიანთან შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხრიდან ევროკავშირის წევრობის კითხვარის შევსების პროცედურები განიხილეს.

ამავე ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.

„ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ძალიან ღიად და თავისუფლად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე“, – უთხრა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

„ეს ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან აქტიურად დაუჭერენ მხარს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში“, – დასძინა მან.

ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს, მინისტრ გენჩოვსკასთან შეხვედრაზე, მხარეებმა ეკონომიკურ მიმართულებასა და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების კუთხით.

ამავე განცხადებით, ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „დადებითად“ შეაფასა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ილია დარჩიაშვილი 17 მაის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან შეხვედრებსაც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ცალკე ვიზიტით სტუმრობს.

ვიზიტები იმ ფონზე იმართება, როდესაც საქართველოში ოპოზიცია შიშობს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი დააზიანოს.

საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინის კვალდაკვალ 3 მარტს წარადგინეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button