Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალში ყოფილ ქართველ სამხედროს 5.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეს, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა გასული წლის დეკემბერში, სოფელ ზემო ნიქოზის მახლობლად დააკავეს.

„აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის 12 მაისის განცხადებაში.

ამავე განცხადებით, ჩხიკვაძისთვის პატიმრობის მისჯამ „კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას“.

განცხადებიდან უცნობია, რა ბრალი წარუდგინეს ჩხიკვაძეს ცხინვალში. თუმცა, მედიის ინფორმაციით, მას „სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთასა და ნარკოტრეფიკს ედავებიან.

უსაფრთხოების სამსახურის თქმით, მამუკა ჩხიკვაძის პატიმრობის პირველივე დღიდან „რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე“ ერგნეთში.

IPRM-ის აპრილის შეხვედრაზე, თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოდან, შეშფოთება გამოხატეს მიმდინარე დაკავებების შემთხვევების სიმრავლის გამო და მათი გადაწყვეტის მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა მოითხოვეს.

მანამდე, დეკემბრის შუა რიცხვებში, ქართული მედია ჩხიკვაძის მეგობრებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მას ცხინვალის ციხეში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button