ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრმა ვაშინგტონში თავისუფალ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე იმსჯელა

ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ვაშინგტონს სტუმრობს, სადაც 9-10 მაისს ამერიკის ოფიციალურ პირებს შეხვდა და ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები განიხილა.

9 მაისს, ლევან დავითაშვილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ქეთრინ თაის შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სავაჭრო წარმომადგენელს უთხრა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება მკაფიო გზავნილი სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ-ის მზარდი ინტერესისა, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე დავითაშვილმა ამერიკულ მხარეს საქართველოს დაკვეთით PricewaterhouseCoopers (PwC)-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევას წარმოადგენს.

თავის მხრივ, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღიარა, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება „არ არის მარტივი საკითხი“.

თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ აშშ-ის და საქართველოს მხრიდან არის მზადყოფნა, რომ „ვიმუშავოთ ახლებური ტიპის სავაჭრო ურთიერთობებზე“.

10 მაისს, ლევან დავითაშვილი აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის (EXIM) ვიცე-პრეზიდენტს, ჯუდიტ ფრაიორს შეხვდა და მასთან ინვესტიციებზე, 5G ტექნოლოგიებსა და განვითარების პროექტებზე ისაუბრა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამავე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა, მეტი დაინტერესება გამოიჩინონ საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ. მხარეებმა ასევე განიხილეს ინვესტიციის მიღების პერსპექტივები ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი და სხვ.

თავის მხრივ, EXIM-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ფრაიორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროებზე გადასვლა, რაც რუსულ ენერგომოწოდებაზე ქვეყნის დამოკიდებულებას შეამცირებს.

მან დაადასტურა EXIM-ის დაპირება, ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა მის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმაროს.

ბანკმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგოპროექტები, ასევე აშშ-დან სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და მოწყობილობის ექსპორტი.

ლევან დავითაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ ნაჰანმა 10 მაისს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტმა, რომელიც „საქართველოს და  ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button