ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისს წარადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და მას 10 მაისს წარადგენს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ, ევროკომისიამ დოკუმენტზე შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს.

„ჩვენი მთავრობის მოლოდინი არის, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები“, – თქვა დარჩიაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ „წინასწარ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენგან, ალბათ, რთული იქნება“.

ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 29 აპრილს გამოაქვეყნა ყველა სექტორული მიმართულებით 2 300-მდე კითხვას მოიცავს.

მთავრობამ კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს.

მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნები და ბლოკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეები არიან. 2021 წლის მაისში სამმა ქვეყანამ ბრიუსელთან ურთიერთობების დაახლოების მიზნით „ასოცირებული ტრიოჩამოაყალიბა.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, სამი ქვეყნის წევრობის განაცხადებზე მოსაზრებები ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button