ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის უკან „მხეცის ნიშანს“ ხედავს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 4 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერში, ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დედაქალაქში დაგეგმილი აქციის თარიღსა და დროში „მხეცის ნიშანი“- 666 ამოიკითხა და თქვა, რომ „მათი კოდი გაშიფრეს“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ სხვადასხვა რეგიონში გამართულ აქციებზე მხოლოდ „400-500 კაცის“ მობილიზება შეძლო და ხაზი გაუსვა, რომ ასე იქნება თბილისშიც. „აქაც შეიკრიბებიან, 6 ნოემბერსაც, 6 საათზე, ეცდებიან 6000 კაცი შეკრიბონ, მათი კოდი გაშიფრეს, ესაა მათი რეალური სახე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მანვე განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს რესურსი აღარ აქვთ. „არანაირი რესურსი მათ არა აქვთ, არც ქუჩის, არც არჩევნების, არც არაფრის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ძალიან მალე გადავერთვებით საერთოდ სხვა დღის წესრიგზე და ამ პოლიტიკური პარტიის ხსენება არ იქნება ჩვენი მხრიდან“, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „მათი ხსენებაც კი დამაზიანებელია ქართული პოლიტიკისთვის, დემოკრატიისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და 6 ნოემბერს დედაქალაქში მასშტაბურ აქციას გეგმავენ. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა, პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button