ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ვიდეოზარით ისაუბრეს

საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თავჯდომარეებმა – შალვა პაპუაშვილმა და რუსლან სტეფანჩუკმა, დღეს ვიდეოზარის მეშვეობით ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა“.

ამავე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაც განიხილეს.

პარლამენტისვე განცხადებით, პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს „მტკიცე მხარდაჭერა“ და „სოლიდარობა“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგასთან კიევში საქართველოს საპარლამეტო დელეგაციის ვიზიტიც განიხილეს, რომელიც „უახლოეს მომავალში“ შედგება.

„ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული, იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილნი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

„ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა“, – დაწერა თავის მხრივ Facebook-ზე უკრაინის „ვერხოვნა რადას“ სპიკერმა ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ.

მისივე თქმით, ეს ვიზიტი დაეხმარებათ ქართველ დეპუტატებს, „საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრობას“.

„გულწრფელად მწამს, რომ ვიპოვით ყველა შეხების წერტილს, რათა ერთად განვაგრძოთ ჩვენი ნათელი მომავლის შენება“, – აღნიშნა სტეფანჩუკმა და დასძინა, რომ „ჩვენ ბევრად მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც გვაცალკევებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button