skip to content
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში გაემგზავრება

ცოტა ხნის წინ, უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის უკრაინაში მიწვევაზე უარის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მეგობარ ქვეყნაში ვიზიტისთვის.

შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მას ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელ კოლეგასთან „ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია“ ჰქონდა.

„ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანვე დასძინა, რომ „დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე“.

„განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, კოლეგასთან კომუნიკაციამა და 12 აპრილს ტელეკომპანია „იმედთან“ სტეფანჩუკის ინტერვიუმ დაარწმუნა, რომ „არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა“.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

„კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“, – ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საგულისხმოა, რომ 11 აპრილს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში მაღალი საპარლამენტო დონის ვიზიტის სამი წინაპირობა დაასახელა.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში პრობლემურია სამი შემდეგი სამი საკითხი: უკრაინის მიერ ელჩის გახმობა, კონტრაბანდის გატარებაზე ბრალდებები და „საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, [რომლებიც] არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილი“.

უკვე დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის „მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ, როგორც ხალხის მიმართ, ისე სახელმწიფოს მიმართ“.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა კონსულტაციებისას, რომელშიც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ჩართული, გაიზიარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის „ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალ-ყურს [ინტერვიუს], რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „ეს ყველაფერი გახდა რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი“.

„ვერხოვნა რადას“ სპიკერის ინტერვიუ

12 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ნათარგმნ ინტერვიუში სტეფანჩუკმა საქართველოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორის, უკრაინელი ლტოლვილების შეფარებისა და მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორობისთვის. ხაზი გაუსვა, რა, რომ მან ნახა საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი არაერთი აქცია, სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინა გრძნობს ხალხის ურთიერთმხარდაჭერას და სწორედ ეს არის მთავარი.

„ვერხოვნა რადას“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სხვა საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ხალხების ინტერესებიდან.

სტეფანჩუკმა საქართველოდან მრავალპარტიული დელეგაციის ჩასვლის შესახებაც ისაუბრა.

მანვე ინტერვიუს შემდეგ, Facebook-ზე დაწერა – „აღვნიშნე, რომ უკრაინელებს ქართველ მეგობრებთან ბევრი საერთო აქვთ“, რადგანაც ორივე ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ერთად ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. ეს იქნება გამარჯვება, რომელზედაც ლეგენდები შეიქმნება“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button