ახალი ამბები

აფხაზი აქტივისტები „უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებისკენ“ მოუწოდებენ 

აქტივისტებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელეს და ყველა იმ პირს, ვისაც „შეუძლია სისხლისღვრის შეჩერება და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის აღკვეთა,  კეთილგონიერებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს“.

„ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლები, რომელთაც 30 წლის წინ გავიარეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, უკრაინაში სისხლისღვრის დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოგიწოდებთ“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც აფხაზეთში ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ნადეჟდა ვენედიქტოვამ Facebook-ზე 4 აპრილს გამოაქვეყნა.

„ადამიანების სიკვდილი ორივე მხრიდან მხოლოდ აღრმავებს არსებულ წინააღმდეგობას, რომელიც მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ცოცხალი და ძალიან მოწყვლადი არსებები. ჩვენს ადამიანურობას თუ დავივიწყებთ, შეიძლება ყველაფერი ცოცხალი გავანადგუროთ“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ვენედიქტოვასთან ერთად ასევე აწერენ ხელს აქტივისტები და საზოგადო მოღვაწეები: საიდა ალანია, რუსუდან კობიაკოვა, ლარისა კაცია, ასტანდა გიცბა, ელენა ზავოდსკაია, არდა ინალ-იფა, ოლგა კორნეევა, დიანა კერსელიანი, ნაალა კარტოზია, აიდა ლადარია, ლიუდმილა საღარია, მადინა ღარწკია, ასიდა ბუთბა, ელონა ტურავა, საიდ გეზერდავა, ინდირა აგრბა, ლიანა კვარჩელია, აზამატ ბაღათელია, ასიდა ლამია, ციალა წკუა, ელირა კოკოსკერია.

მიმართვის კომენტარებში ბევრმა ადამიანმა ხელმომწერებს მხარდაჭერა გამოუცხადა. „თქვენთან ვარ“, – გამოეხმაურა ვენედიქტოვას აფხაზეთელი ჟურნალისტი მარიანა კოტოვა.

თუმცა, წერილის ავტორთა სულისკვეთებას ბევრიც არ დაეთანხმა. ზოგიერთებმა ხელმომწერებს „მეხუთე კოლონაც“ კი უწოდეს.

მაგალითად, აფხაზეთის ყოფილმა „მთავარმა პროკურორმა“, ალექსეი ლომიამ განაცხადა: „ უკრაინის არმიის განიარაღება და დაყვანა 5000, მცირე იარაღის მქონე კაცამდე. ბანდერული მემკვიდრეობის აღმოფხვრა (სახელმძღვანელოების, სიმბოლოების განადგურება, ამ იდეების მხარდაჭერისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ა.შ.). ბლოკგარეშე სტატუსი. არაბირთვული სტატუსი. ყველა პროვოკატორის პასუხისგებაში მიცემა, როგორებიცა არიან –  ზელენსკი, არესტოვიჩი, გორდონი, იაკოვინი და მსგავსნი! ამ ყველაფრის შემდეგ – მე მშვიდობის მომხრე ვარ!“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button