ახალი ამბები

რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფხაზეთში გულმხურვალე მხარდაჭერა არ მოჰყოლია

დაახლოებით 2 600 ადამიანი, ძირითადად სამხედრო, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი სფეროებიდან, 11 მარტს სოხუმის დინამოს სტადიონზე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მხარდასაჭერად შეიკრიბა.

აქცია ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული. როგორც ჩანს, ამის საჭიროება იმიტომაც დადგა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში კრემლის წამოწყებულ ომს გულმხურვალე მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

„მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, აფხაზეთის რესპუბლიკის მთელი ხელმძღვანელობა და ჩვენი მრავალეთნიკური ხალხი, სრულად ვემხრობით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს“, – მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აქციის მონაწილეებს.

„გვესმის, თუ რამდენად რთული იყო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და პირადად ვლადიმერ ვლადიმერის ძისათვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ „ჩვენ ერთიანნი ვართ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების საკითხში“.

„სამწუხაროდ, უკრაინა არის იარაღი, რომლის მეშვეობითაც ე.წ. კოლექტიური დასავლეთი იმპერიალიზმის პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანიც ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებაა“, – განაცხადა ბჟანიამ და ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასრულების საჭიროების შესახებ 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის გამოსვლა გაიხსენა.

ეს უკრაინაში რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად სოხუმში გამართული პირველი შედარებით მსხვილი აქცია იყო. მანამდე, 7 მარტს, რუსეთისადმი მხარდასაჭერ ავტორბოლას დაახლოებით 30 ადამიანი შეუერთდა.

7 მარტს, უკრაინაში „რუსეთის სპეცოპერაციის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა გუდაუთაშიც. აქცია 12 მარტის „საპარლამენტო არჩევნებში“ მონაწილე რამდენიმე კანდიდატის მიერ იყო ორგანიზენული. ესენი არიან – ლეონიდ ლაკერბაია, ახრა ფაჩულია, ბესლან ხალვაში, ალმასხან ბარციცი, ალისა გულარია და ფარიდ კობახია.

უკრაინაში რუსეთის ომისადმი აფხაზური საზოგადოების ენთუზიაზმის ნაკლებობა ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებაშიც აისახა. არძინბა ბჟანიას მოქმედებისაკენ მოუწოდებდა.

„ხალხი დაძაბულია, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობა ვრცელდება და ხალხმა არ იცის, რა ხდება. სახელმწიფოს მეთაურმა უნდა უთხრას ხალხს, რა კეთდება და რას უნდა ელოდონ“, – განუცხადა არძინბამ 6 მარტს ტელეგრამის ქსელში მოქმედ არხ „რესპუბლიკას“.

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, აფხაზეთის საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და რეგიონში რუსეთის ომს საყოველთაო მხარდაჭერა არა აქვს.

თუმცა, მისივე თქმით, აფხაზეთის მოსახლეობას არ სურს უკრაინაში რუსეთმა ომი წააგოს, რადგანაც მათი აზრით, შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობას და დასუსტებულ რუსეთს, შესაძლოა, თბილისის მიერ რეგიონზე კონტროლის დაბრუნების მცდელობა მოჰყვეს.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ დე ფაქტო ხელისუფლებამ უფრო სწრაფად იმოქმედა მოსკოვისათვის ერთგულების დასამტკიცებლად.

2 მარტს, მმართველმა პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ „დონეცკისა და ლუგანსკის დასაცავად სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარებაზე“ პუტინის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეკრიბა.

„ჩვენი ფიქრები და ძალები პუტინთან და დონბასთანაა. დიდება რუსეთს“, – მიმართა ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა შეკრებილებს.

მოქალაქეები საპროტესტო ბანერებით ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ აქციაზე, რომლებზეც იკითხება – „პუტინისთვის“, „ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, [სამხრეთ] ოსეთი მხარს გიჭერთ“, ფოტო: სააგენტო „რესი“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button