ახალი ამბები

„ოცნებაში“ განმარტეს, თუ რატომ არ დადიან უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა სამძიმრებზე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ლიდერები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდებზე მისვლისგან თავს იმიტომ იკავებენ, რომ, შესაძლოა, თუნდაც „გულწრფელ სამძიმარს“ სხვებისთვის „გარკვეული ქმედებების… წამახალისებელი ეფექტი“ ჰქონდეს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საქართველო, მაგალითად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ წასვლასთან დაკავშირებით „აცხადებს წინააღმდეგობას“, მაშინ ჩნდება „უხერხული მომენტი“, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ასეთ დროს ხელისუფლება.

მდინარაძის განმარტებები ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მოჰყვა, თუ რატომ არ დადიან ქართული ოცნების ლიდერები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდებზე და რატომ ვერ ხერხდება მათი მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა.

„ჩვენ ასე ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მოხალისეებთან დაკავშირებით [ვატარებთ, გადავწყვიტეთ], ასე მოვქცეულიყავით და ხომ არ შეგვეკავებინა თავი [სამძიმარზე მისვლისგან“, – უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტს.

„ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დასძინა, რომ, შესაძლოა, მმართველი გუნდი ცდება და ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ „ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით [გაგცეთ]“.

მამუკა მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სამძიმარზე ცალკეული დეპუტატები იყვნენ და ეს „ასეც გაგრძელდება“.

მანვე დაღუპულთა ოჯახის წევრებს „გულწრფელი სამძიმარი“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ საკითხს სპეკულაციის საგნად ნუ აქცევენ. „ნუ გახდებით ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები საქართველოს წინააღმდეგ“.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათგან სამი – გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და დავით გობეჯიშვილი სამშობლოში უკვე ჩამოასვენეს. რაც შეეხება, კიდევ ერთ მებრძოლს, ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება, იგი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ მარიუპოლის დაცვას შეეწირა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button