ახალი ამბები

მედია: რუსეთმა ცხინვალის სამხედრო ბაზის შენაერთები უკრაინაში გაგზავნა 

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შენაერთები, მათ შორის, ადგილობრივი კონტრაქტორები, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ.

ტელეგრამის არხის – „Vladikavkaz News“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ალაგირის მახლობლადაა გადაღებული, ნაჩვენებია, დაახლოებით, 13 ტანკი და 7 ჯავშანმანქანა.

არხის ცნობით, კოლონა ცხინვალის რეგიონიდან ჩამოვიდა. ჩანაწერში ასევე ჩანს ცხინვალის სამფერიანი ე.წ. „დროშაც“.

კიდევ ერთ ჩანაწერში, რომელიც ტელეგრამზე მანამდე გავრცელდა, ნაჩვენებია სულ ცოტა ხუთი ტანკი, სამი ჯავშანმანქანა და ერთი სატვირთო მანქანა, რომელიც ცხინვალის გავლით გადაადგილდება.

უცნობია ჩანაწერებში ერთი და იგივე კოლონა ჩანს თუ არა, ან რამდენი სამხედროა განთავსებული საბრძოლო მანქანებში.

ცხინვალის რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ „ჩვენი ბიჭები უკრაინაში მიდიან… ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან, მე ბევრ მათგანს ვესაუბრე“.

„ისინი მიდიან, რომ შური იძიონ ჩვენი ძმებისთვის. ისინი უკრაინაში დაღუპულების ნათესავები და მეგობრები არიან“, – დასძინა მან.

ცხინვალის რეგიონის მოქმედმა ხელმძღვანელობამ არ დაადასტურა ინფორმაცია უკრაინაში სამხედროების გაგზავნის თაობაზე.

თუმცა, ოკუპირებული რეგიონის „თავდაცვის სამინისტრომ“ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის დროს, დაიღუპა სერჟანტი ანდრეი ბაკაევი რუსეთის 58-ე არმიიდან, რომელიც ცხინვალის მკვიდრი იყო.

იმავდროულად, „ეხო კავკაზა“ იტყობინება, რომ ცხინვალის მოსახლეობამ სოციალურ მედიაში რეგიონის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი გააკრიტიკა ოსი კონტრაქტორების ომში გაგზავნის გამო და იგი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რეგიონის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციაში დაადანაშაულა.

მოსკოვთან 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის შეიარაღებული ძალები რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდნენ, ხოლო დანარჩენი ძალების რაოდენობა კრემლთან თანხმდება.

მე-4 სამხედრო ბაზა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში სარდლობის დაქვემდებარებაშია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button