ახალი ამბები

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ლიდერებს შეხვდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, რომელიც 29-30 მარტს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში თბილისს სტუმრობს, დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის შეხვდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ლიდერებთან ცალ-ცალკე გამართულ შეხვედრებზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე და რეგიონულ უსაფრთხოებზე, კერძოდ საქართველოზე მის გავლენაზე იმსჯელა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი მიესალმა მიმდინარე ომის ფონზე უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილებისადმი პოლონეთის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას. მანვე აღნიშნა, რომ ვარშავის ქმედებებმა აჩვენა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი ლიდერია ევროკავშირში.

დღესვე, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში სამომავლო თანამშრომლობის და ამ კონტექსტში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში და ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას.

აგრეთვე დღეს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „საქართველო პრაქტიკულად არის უკრაინის შემდეგ საფრთხის ზონაში მყოფი ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირისპირ“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ პოლონელმა დიპლომატმა გამოხატა „მკაფიო პოზიცია“, რომ საქართველოს მუდმივად ექნება „აქტიური მხარდაჭერა“, როგორც „ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაში“.

მანამდე, ზბიგნევ რაუ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button