ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 29 მარტს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე და ალიანსთან საქართველოს ურთიერთობაზე იმსჯელეს, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი [ნატოს] შეფასებები იყო საინტერესო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო იყო და რჩება ნატოს ერთგულ პარტნიორად“ და დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია, ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“.

„ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ Twitter-ზე დაწერა, რომ ალიანსი დიდად აფასებს მის „გრძელვადიან თანამშრომლობას საქართველოსთან, ალიანსის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორთან“.

პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 29 მარტი-1 აპრილის პერიოდში სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას და ევროპარლამენტარებს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტს, ირაჩე გარსია პერესს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან, ელიან ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button