skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს შტაბბინას სტუმრობს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავის ახალ რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში, 26 იანვარს ნატოს შტაბბინაში შეხვედრები გამართა. ბრიუსელში პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

პაპუაშვილმა გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრას „ღირებული“ უწოდა და Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო და ნატო „ერთგულ და სანდო პარტნიორებად რჩებიან, რომელთა მიზანიც საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევაა“.

კომისიის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე, საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატოში.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება ალიანსის ახალ სტრატეგიაში აისახოს, რომელსაც 2022 წლის ივნისში მადრიდში დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.

მისი თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე მთავრობა „აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმისა შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და შემდეგ, როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს გაწევრიანება მოხდეს რაც შეიძლება მალე“.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე გამოსვლისას და შემდეგ გამართული დისკუსიების დროს, მან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით.

პაპუაშვილთან ერთად ბრიუსელში იმყოფებიან – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button