ახალი ამბები

ნატოს დაზვერვის მაღალჩინოსანი თბილისს სტუმრობს

დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, დევიდ კატლერ თბილისს სტუმრობს და დღეს იგი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს

მათვე ყურადღება ასევე გაამახვილეს ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

„საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

დღესვე, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

სუს-ის ინფორმაციით ლილუაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს, რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ნატოს მაღალჩინოსანი საქართველოში ვიზიტს ხვალაც განაგრძობს.

საგულისხმოა, რომ ვიზიტი ნატო-საქართველოს 22-24 მარტის სამეთაურო სწავლების ფონზე მიმდინარეობს, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის პერსონალი მონაწილეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button