ახალი ამბები

აფხაზეთში მშენებარე ნავთობბაზამ ეკოლოგიასთან დაკავშირებული წუხილები გამოიწვია 

გაგრის რაიონში, მდინარე ბზიფის მახლობლად მშენებარე ნავთობბაზამ ეკოლოგიასთან დაკავშირებული წუხილები გამოიწვია.

საზოგადოებამ ნავთობბაზის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც 18 მარტს „ტელეგრამის“ ადგილობრივ არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სამშენებლო კომპანიამ პროექტის გარემოზე ზემოქმედება არ შეისწავლა.

ინფორმაციის გაჟონვას საკითხის გასაიდუმლოებისა და გარემოს დაცვის სავარაუდო უგულებელყოფის გამო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დეზინფორმაციაა. ან თავად ითხრით საკუთარ საფლავს, ან საბოლოოდ გაგიჟდით“, – დაწერა აფხაზმა აქტივისტმა, ასიდა ქორთუამ „ფეისბუქზე“.

„ყველაფერი, რაც ნავთობს ეხება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს უნიკალური ეკოსისტემა, მთები, ზღვა, ეს ერთადერთი რესურსია, რომელიც დღეს რეალურად გვაქვს და ის უნდა შენარჩუნდეს“, – უთრა მან „ეხო კავკაზას“ 21 მარტს.

მან ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ პროექტი საზოგადოებას სარგებელს მოუტანს და განაცხადა, რომ ყველაფერი რეგიონში „რომელიმე ზემდგომის კერძო საკუთრებაში მიდის“.

ნავთობბაზას ადგილობრივი კომპანია Bzyb Terminal-ი აშენებს თურქული ინსპექტირებისა და ხარისხის კონტროლის კომპანიის PGM მეთვალყურეობით. აფხაზური ტელევიზიის ინფორმაციით, ეს უკანასკნელი რუს კონტრაქტორებთანაც თანამშრომლობს.

პროექტი 16 სასაწყობე ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს აფხაზური კომპანია Apsny Oil-ისთვის ნავთობის დასაწყობების მიზნით. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ნავთობბაზის მომსახურებით სხვა კომპანიებიც ისარგებლებენ.

Bzyb Terminal-ის დირექტორმა, ბესლან ბლაბბამ აფხაზეთის ტელევიზიასთან საუბრისას უარყო განცხადებები, რომ იმ ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშევებელი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობდა და განმარტა, რომ კომპანია სხვა არაფერს აშენებს, თუ არა სასაწყობე ობიექტებს.

მან აღნიშნა, რომ ადგილობრივები არ ეწინააღმდეგებიან მიმდინარე სამუშაოებს და დასძინა, რომ პროექტი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებასაც დაეხმარება, მათ შორის, გზების, ელექტროენერგიის მიწოდებისა და  სახანძრო უსაფრთხოების თვალასზრისით.

თუმცა, ასიდა ქორთუა საწინააღმდეგოს ფიქრობს. მისი თქმით აფხაზეთის ტელევიზიამ სიუჟეტში თავი აარიდა რთული კითხვების დასმას საზოგადოების წუხილების თაობაზე.

„რა საფრთხე შეუძლება შეუქმნას ნავთობბაზამ გარემოს – რა ტიპის დაბიძნურება შეიძლება გამოიწვიოს? შეიძლება მისი აშენება ზუსტად იმ ადგილას, სადაც მდინარე ზღვას უერთდება? ამ კითხვებზე პასუხები ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა აქტივისტმა.

ასიდა ქორთუას თქმით, ინფორმაცია ისეთი პროექტის შესახებ, როგორიც ნავთობბაზაა თავიდანვე საჯარო უნდა იყოს. მან დაგეგმილი მშენებლობის შესახებ საზოგადოებასთან, მათ შორის გარემოს დამცველებთან კონსულტაციების საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

აფხაზეთის „ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარემ, საველი ჭითანავამ უთხრა „ეხო კავკაზას“, რომ ნავთობბაზის მშენებლობის პროექტის ავტორებს მათთვის არ მიუმართავთ და ეკოლოგებს მის მშენებლობაზე რაიმე ნებართვა არ გაუციათ.

თუმცა, მან განმარტა, რომ მშენებლობა ყოფილი სამრეწველო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ერთადერთი, რაც იქ შეიცვალა, არის „სამუშაოს ხასიათი“.

აღნიშნა რა, რომ კომპანიას მოუწევს მათთვის მიმართვა კომიტეტის დასკვნის მისაღებად, ჭითანავამ განაცხადა, რომ მშენებლობის ადგილი მდინარის ნაპირიდან 500 მეტრში მდებარეობს და „ზოგადად, რაიმე განსაკუთრებული კატასტროფა იქ არ არის“.

„პარლამენტის აგრარული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ“, ასტამურ თარბამ უთხრა „ეხო კავკაზას“, რომ მან და მისმა კოლეგებმა მშენებლობის შესახებ სოციალური მედიიდან შეიტყვეს.

მისი თქმით, კომპანიას არ ესაჭიროება საკანონმდებლო ორგანოს ნებართვა სამუშაოს განსახორციელებლად. თუმცა, მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მშენებლობა მდინარის სიახლოვეს მიმდინარეობს. „ჩვენ ამ საკითხზე ყველა მასალას შევისწავლით“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button