skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 10-პუნქტიანი გეგმა მოამზადეს

31-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობას ევროკავშირში გასაწევრიანებლად 10-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა და გამოხატა მზადყოფნა, რომ აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.

არასამთავრობოების თქმით, პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმის შექმნას, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.

მეორე ნაბიჯი ითვალისწინებს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

რაც შეეხება მესამე ნაბიჯს, არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა გაძლიერდეს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია.

მეოთხე ნაბიჯი გულისხმობს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევის გაწევას, ევროკომისიის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის მიღების დასაჩქარებლად.

მეხუთეს თანახმად, მთავრობამ მობილიზება უნდა გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული წარდგენა ევროკავშირისთვის.

მეექვსეს მიხედვით, საჭიროა ცვლილებების შეტანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში, გააქტიურდეს და უფრო ეფექტიანი გახდეს მისი მუშაობა.

მეშვიდე პუნქტით, პროცესი უნდა გახდეს გამჭვირვალე და ინკლუზიური, მათ შორის ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი.

მერვეს თანახმად, მთავრობამ უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, როგორც ამას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებს.

მეცხრე პუნქტი ამბობს, რომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა გაძლიერდეს ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამიტი.

და ბოლოს, არასამთავრობოებმა მოუწოდეს მთავრობას, რომ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში წევრობის განაცხადს 3 მარტს მოაწერა ხელი.

ევროკავშირის საბჭოს თანახმად, წევრი ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელებმა ევროკომისიას სთხოვეს წარმოადგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button