skip to content
ახალი ამბები

საქართველო მხარს უჭერს უკრაინაზე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას 

საქართველომ და ეუთოს წევრმა კიდევ 44-მა სახელმწიფომ 3 მარტს მოსკოვის მექანიზმი აამოქმედეს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგები შეფასდეს, როგორც ჰუმანიტარული, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

მისიის მიზანია „უკრაინაში რუსეთის აგრესიის ზემოქმედების, მათ შორის, ომის შესაძლო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების“ გამოძიება“, – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტს Twitter-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ექსპერტები ანგარიშს მოამზადებენ და გაუზიარებენ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო სასამართლოებს და ტრიბუნალებს.

„ჩვენ ვიხილეთ მედიის შემაშფოთებელი ცნობები რუსეთის ძალების მიერ ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შესახებ, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მზარდი მსხვერპლისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სერიოზული ზიანის შესახებ“, – ნათქვამია ამავე განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი 4 მარტს ასევე მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. „რუსეთის თავდასხმას სერიoზული ჰუმანიტარული გავლენა აქვს. ჩვენ ვხედავთ პოტენციურ ომის დანაშაულებს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს“, – დაწერა მან Twitter-ზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისი უკრაინის მხარდამჭერ რამდენიმე მრავალმხრივ ინიციატივას შეუერთდა.

საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციის თანაავტორია, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასრულებას ითხოვს, ასევე იმ 38 ქვეყანას შორისაა, რომელთაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების დაწყების მიზნით მიმართეს.

ბოლოდროინდელი მოვლენები იმ ფონზე მიმდინარეობას, რაც ქართული ოცნების მთავრობა უკრაინაში ომის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სადავო რიტორიკის გამო ქვეყნის შიგნით სერიოზული კრიტიკის სამიზნე გახდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button