ახალი ამბები

ღარიბაშვილის გინების შემდეგ ბათუმში აქტივისტები დააკავეს

ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის 8 მონაწილე დააკავეს, მას შემდეგ, რაც მათ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების გამო შეაგინეს.

მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ სიტუაცია რამდენჯერმე მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა პრემიერმინისტრს შეაგინეს. დაკავებებიც ამის შემდეგ დაიწყო.

ვიდეომასალაში ასევე ისმის, რომ აქციის მონაწილეები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის მისამართით ამბობენ – „პუტინ ხუილო“.

დაკავებულთა შორის არიან ბათუმის საკრებულოში ლელოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები – ირაკლი კუპრაძე და ბონდო თედორაძე.

დაკავებულთა შესახებ შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. გამოცემა „ბათუმელებს“ უწყებამ უთხრა, რომ ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) დღეს განაცხადა, რომ მოქალაქეები ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს.

ბათუმის საქალაქო სასამრთლოში დაკავებულთა უფლებებს სწორედ „საია“ დაიცავს.

ბათუმის პროტესტი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მკაფიო გზავნილს მოჰყვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მანვე დაწესებული სანქციების ეფექტიანობის მიმართ სკეპტიციზმიც გამოხატა.

უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოს მასშტაბით, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გუშინ დედაქალაქში მოქალაქეებმა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც ჩარტერული რეისის მიღებისა და მოხალისეთა უკრაინაში გამგზავრებაზე უარის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიციის“ გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button