ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: „ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ძალით გადაჭრის შესაძლებლობა არ გვაქვს“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს ამ [ტერიტორიული მთლიანობის] პრობლემის ძალით გადაჭრის შესაძლებლობა, ეს ყველამ ვიცით“.

საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებთან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა: „კონფლიქტების გადაჭრისთვის ძალის გამოუყენებლობის გადაწყვეტილება ჩვენ ნებაყოფლობით ავიღეთ“.

„ერთადერთი სხვა ალტერნატივა, რაც დედამიწისთვის ცნობილია, არის დიპლომატია“, – აღნიშნა მან.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც არ არის დიპლომატიისკენ მიდრეკილი და ვხედავთ დღეს რაც ხდება“.

პრეზიდენტის თქმით, „ყველა დიდი ძალა ჩართული იყო ამ დიპლომატიურ ისტერიაში, რომლებმაც შეიძლება რუსეთი მაგიდის გარშემო დასვას, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ნამდვილ დისკუსიაში ჩაბმა“.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე უნდა დაიწყოს. „ინციდენტები ყოველდღიურად ხდება: გატაცებები, ბორდერიზაცია, რუსიფიკაცია. ჩვენ უნდა ვნახოთ დეესკალაციის ნიშნები, დავინახოთ, რომ დიალოგის მცდელობას აზრი აქვს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, იგი მზად იქნება დიალოგისთვის ნებისმიერ დროს, თუ „ამის ნიშნებს დავინახავ“. „სამწუხაროდ, ამ ნიშნებს დღეს ვერ ვხედავ“.

როდესაც პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს მის მიერ 2009 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „რუსეთისა და საქართველოს ლიდერები, ორივე დამნაშავეა“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „1801 წლიდან საქართველო-რუსეთის ოთხი ომიდან, ოთხივე რუსეთის პასუხისმგებლობაა“.

„რუსეთია ის, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდა და საქართველო არაა ის, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. ასე რომ, ყველა კონფლიქტი რუსეთის პასუხისმგებლობაა და ეს არის ის, რასაც დღეს ვხედავთ“, – უპასუხა მან.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სხვა საკითხია ის, თუ „რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როდესაც ვიცით, რომ [რუსეთის] პროვოკაცია იწყება და ვიცით, რომ ამერიკელები გვეუბნებოდნენ არ ჩავრთულიყავით პროვოკაციაში. მე იქ ვიყავი, როცა ამერიკელები მოდიოდნენ და ამას გვეუბნებოდნენ“.

„ვფიქრობ, ნასწავლი გაკვეთილია – ეს ძალიან საინტერესო ნაწილია – ის, რასაც [უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ] ზელენსკი იყენებს. ის ძალიან ფრთხილობს, რომ არ აჰყვეს პროვოკაციას“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button