Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

პრემიერ ბორის ჯონსონის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის საკითხს დაუთმო. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინას — რომელმაც ბირთვული იარაღზე უარი თქვა — ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები სწორედ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და რუსეთმა მისცეს. „სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) გთავაზობთ ბორის ჯონსონის სიტყვის ქართულ თარგმანს:

ბატონო იშინგერ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონებო და ქალბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია ამ ფრიად მნიშვნელოვან უსაფრთხოების კონფერენციაზე დაბრუნება, თუ არ ვცდები, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ; კონფერენციაზე, რომელმაც ეს ქალაქი დასავლეთის ერთობის, ატლანტიკური ალიანსის სიძლიერისა და თავისუფალი და განუყოფელი ევროპის სიმბოლოდ აქცია.

ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის შენარჩუნება იშვიათად თუ ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს, როცა მსოფლიო უკიდურესი სარფთხის წინაშეა. სწორედ ეს იყო გუშინ ღამე ჩემი საუბრის საგანი კოლეგებთან, მათ შორის, პრეზიდენტ ბაიდენთან, პრეზიდენტ მაკრონთან, კანცლერ შოლცთან და პრემიერმინისტრ დრაგისთან, ისევე, როგორც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან.

გავიმეორებ იმავეს, რაც პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი ჩვენი ბოლო საუბრისას — ჩვენ, დიდ ბრიტანეთში კვლავაც იმედი გვაქვს, რომ დიპლომატია და დიალოგი შედეგს მოიტანს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არსებულ ვითარებას თვალი არ უნდა გავუსწოროთ.

როდესაც 130 ათას კაციანი რუსული ჯარი შეკრებილა უკრაინის საზღვრებზე, როდესაც ასზე მეტი ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი ემუქრება ამ ევროპულ ქვეყანას, ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ ამ საფრთხის წინაშე, რადგან ეჭვიც კი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, თუ რა დევს დღეს სასწორის პინაზე:

თუკი უკრაინაში შეიჭრებიან, თუკი უკრაინა დაეცემა, ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს განადგურების მოწმენი გავხდებით, ქვეყნისა, რომელიც უკვე ერთი თაობაა თავისუფალია, რომელსაც არჩევნების ჩატარების სასიქადულო გამოცდილება გააჩნია.

ყოველთვის, როცა კი დასავლელი მინისტრები კიევში ჩავსულვართ, ჩვენ ვარწმუნებდით უკრაინელ ხალხს და მათ ლიდერებს, რომ მტკიცედ ვიდექით მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სადარაჯოზე.

რაოდენ ფუყე, რაოდენ უშინაარსო, რაოდენ შეურაცხმყოფელი გამოჩნდება ეს სიტყვები, თუკი მაშინ, როცა მათი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა საფრთხეშია, ჩვენ უკრაინას თვალს ავარიდებთ.

თუკი უკრაინაში შეიჭრებიან, ამ დარტყმის ექო მსოფლიოს შემოივლის. მას გაიგონებენ აღმოსავლეთ აზიაში, მას იგრძნობენ ტაივანში.

როდესაც მიმდინარე კვირის განმავლობაში იაპონიისა და ავსტრალიის პრემიერებს ვესაუბრე, ვნახე, რომ მათ ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ამ მოვლენით გამოწვეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შოკს დედამიწის მეორე მხარესაც შეიგრძნობენ.

ასე რომ, ნება მომეცით, ნათლად ვისაუბრო საფრთხის შესახებ.

საფრთხე ისაა, რომ ზოგიერთები დაასკვნიან, რომ აგრესიას შედეგები მოაქვს და რომ ძალა აღმართს ხნავს.

ჩვენ არ უნდა გავაბიაბრუოთ ამ ვითარების სიმძიმე და დაფაზე ჩამოსული ფსონების ზომა.

დღეს, როცა თქვენ გესაუბრებით, დარწმუნებით არ ვიცით, თუ რას აპირებს პრეზიდენტი პუტინი, მაგრამ ცუდის ნიშნები მრავლადაა. სწორედ ამიტომ, მტკიცედ უნდა დავდგეთ ერთად.

ბრიტანეთმა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით სანქციების უპრეცედენტოდ მძიმე და ძლიერი პაკეტი შეიმუშავა. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ვესაუბრე და განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ევროკავშირი გეგმავს და რომლებიც მჭიდროდაა კოორდინირებული ჩვენს ნაბიჯებთან.

და თუკი რუსეთი შეიჭრება მეზობელ სახელმწიფოში, ჩვენ სანქციებს დავადებთ რუსული სახელმწიფოსათვის სტრატგიული მნიშვნელობის ინდივიდებსა და კომპანიებს; ჩვენ შეუძლებელს გავხდით მათთვის, ფინანსები მოიზიდონ ლონდონის საფონდო ბაზრებზე; და ჩვენ დავშლით რუსული კომპანიების [ანონიმურად ფლობისათვის] შექმნილ „მატრიოშკებს“, რათა მათი მფლობელების ვინაობა გამოაშკარავდეს.

თუკი პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ ამგვარი მოქმედებით ნატოს უკან დაახევინებს ან შეაშინებს, ის მალე დაინახავს, რომ სრულიად საპირისპირო რამ მოხდება.

უკვე დღეს, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის დაცვას აძლიერებენ.

ჩვენ გავზარდეთ მონაწილეობის მასშტაბი წვრთნებში „ცივი პასუხი“ და იქ ჩვენი უახლესი ავიამზიდი HMS Prince of Wales და მესამე სპეცდანიშნულების ბრიგადა მივავლინეთ.

ჩვენ გავაორმაგეთ სამხედროების რიცხვი ესტონეთში 2 000 კაცამდე; ასევე 600 კაცამდე გავზარდეთ სამხედრო კონტინგენტი პოლონეთში, 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადიდან 350 დამატებითი საზღვაო ფეხოსნის გაგზავნით; ჩვენ გავზარდეთ საჰაერო პატრულირება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში – დამატებით ექვსი „ტაიფუნის“ ტიპის გზაგადამჭრელი ამ ოპერაციაში კვიპროსიდან ჩაერთვება; სამხედრო ხომალდებს ვაგზავნით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და შავ ზღვაში; დამატებით, ათასი ჯარისკაცი სრულად მზადაა ჰუმანიტარული ოპერაციის შესასრულებლად, რომლის აუცილებლობაც, ვშიშობთ, სულ უფრო რეალისტური ხდება.

მართალია, ყველაზე დიდი და ყველაზე უფრო ხილვადი საფრთხე რუსული სახმელეთო ძალების კონცენტრაციაა უკრაინის საზღვრებთან, მაგრამ შეხედეთ მათი ძალების ზრდას შავ ზღვაში, რომელიც უკრაინას საზღვაო ბლოკადით ემუქრება; შეხედეთ კიბერშეტევების მასშტაბს და დეზინფორმაციის აღმავალ ტალღას.

მიმდინარე კრიზისი ყველა სფეროში მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი ნატოს შეაწევს სულ უფრო მეტ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს. ჩვენ ვშიშობდით, რომ ამგვარი კრიზისი მოხდებოდა და სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ჩვენი თაობისათვის უდიდეს ინვესტიციას თავდაცვის სფეროში, რომელიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივი შეიარაღების მხრივ შესაძლებლობების გაფართოებას, ისე ახალი ტექნოლოგიების დახვეწას, რაც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი კოლექტიური თავდაცვისათვის.

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა და 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, ჩვენ მუდმივად ვეხმარებით უკრაინას – 22 ათასი სამხედრო გავწვრთენით და უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ახალი საფრთხის გამოჩენისას, ჩვენ იმ ქვეყანათა შორის ვართ, რომლებიც თავდაცვით იარაღს აწვდიან კიევს – მათ შორის, ორი ათასი ანტი-სატანკო რაკეტის სახით.

მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ საქმეში აშშ, პოლონეთი და ბალტიის სახელწიფოები შემოგვიერთდნენ და რომ ბევრი სხვა სახელმწიფო, ისევე როგორც ევროკავშირი, უკრაინას ეკონომიკის გაძლიერებაში ეხმარება.

ბრიტანეთი ყოველთვის იდგება თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე მთელ მსოფლიოში. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული უსაფრთხოებისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი და უპირობოა, ჩვენს სიტყვებს საქმითაც ვუმაგრებთ ზურგს.

ჩვენ ნატოში სხვა ევროპელ მოკავშირეებთან შედარებით უდიდესი წვლილი იმიტომ შეგვაქვს, რომ გვესმის კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობა. სწორედ ისე, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრები დაგვიდგნენ მხარში, როცა რუსეთის სახელმწიფომ ქიმიური იარაღი გამოიყენა სალისბერიში, ბრიტანეთიც მზადაა, მხარში ამოუდგეს ევროპას.

მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევამ – დრაკონული სანქციების მომზადებამ, ბინძური ფულის გამოაშკარავებამ, ნატოს თავდაცვითი პოტენციალის ზრდამ, უკრანელი მეგობრების გაძლიერებამ – შეიძლება მაინც ვერ შეაკავოს რუსული აგრესია.

სწორედ ამიტომ, 2014 წლის გამოცდილებიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ.

რაც არ უნდა მოხდეს მომავალი დღეებისა და კვირების განმავლობაში, არ უნდა დავუშვათ რუსეთის მიერ ევროპული ქვეყნების შანტაჟი, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსულმა აგრესიამ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს, არ უნდა დავუშვათ ახალი იალტა და ჩვენი კონტინენტის გავლენის სფეროებად ხელახალი დაყოფა.

ჩვენ უნდა დავასრულოთ პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება.

მესმის, რომ ეს ძალისხმევა ძვირი დაჯდება, რომ ამის გაკეთება სათქმელად ადვილია და განსახორციელებლად — რთული. ამიტომაც, მადლობელი ვარ იმ პირობისა, რომელიც კანცლერმა შოლცმა ჩრდილოეთ ნაკად-2-თან დაკავშირებით გამოთქვა. აშკარაა, რომ შეუძლებელია გასული რამდენიმე წლის გამოცდილების უგულვებელყოფა, იმის უარყოფა, რომ გაზპრომის მხრიდან ევროპის გაზით მომარაგებით აშკარა მანიპულირება ხდება.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ალტერნატიული მომწოდებლებისა და ალტერნატიული ტექნოლოგიების სრული მობილიზება იმისათვის, რომ რუსეთის [ენერგეტიკული] მუქარა ფუჭი აღმოჩნდეს.

ამაზე მუშაობა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ბრიტანეთმა უნდა გადადგას ის აუცილებელი და ეგებ დაგვიანებული ნაბიჯებიც, რომლებიც ჩვენი ფინანსური სისტემის უკეთ დასაცავადაა საჭირო.

ჩვენ ასევე უნდა ვემზადოთ იმისათვის, რომ რუსეთი შეეცდება თავგზა აგვიბნიოს, რაც მათი ნებისმიერი ოპერაციის ნაწილია.

უკრაინის შესახებ ყალბი ცნობების კასკადი დაიწყება, რომლის მიზანიც დაბნეულობის შექმნა იქნება. უკვე ახლა იგეგმება და ხორციელდება დადგმული მოვლენები, სიყალბის ქსოვილი იკერება, რისი მიზანიც რუსული შეტევის [უკრაინულ] პროვოკაციაზე პასუხად წარმოჩენა იქნება.

ჩვენ უკვე ვიხილეთ ჯარების ყალბი დემობილიზაცია, უკვე ვნახეთ დადგმული ინციდენტები, რომლებიც შეიძლება ომის საბაბად იქცეს.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, ჩვენ ეს ადრეც გვინახავს — ვეღარავინ გაგვასულელებს.

ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ შესაძლებელია ეს ხანგრძლივი კრიზისი იყოს, რომ რუსეთი განაგრძობს ზეწოლას და შეეცდება მოიძიოს ჩვენი სუსტი ადგილები დიდი ხნის განმავლობაში. ერთად უნდა დავდგეთ და არ უნდა მივცეთ საშუალება დაგვღალონ.

ევროპას ახლა სტრატეგიული გამძლეობა სჭირდება, ჩვენი ენერგია ერთიანობის შენარჩუნებისა და ტრანს-ატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

ამან რომ შედეგი უნდა გამოიღოს, ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ, რომ აუცილებელი რესურსები მოვახმაროთ ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების დაცვას და იმის ჩვენებას, რომ ამის გაკეთებას გრძელვადიანად ვაპირებთ.

ამჟამად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც კი შესაძლებელია, რომ მშვიდობისა და დიალოგის გზას მივყვეთ.

თუკი პრეზიდენტი პუტინი ასე გადაწყვეტს, შეიძლება წინ წავიდეთ: ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ის თითქოს ხედავს, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს საფრთხე ილუზიაა.

ეს საფრთხე კრემლის ქრონიკული და მცდარი ხედვის შედგია, რომლის თანახმადაც თითქოს ნატო მათ ალყაში აქცევს და ემუქრება.

ეს სულაც არაა ნატოს ფუნქცია: ნატო მშვიდობიანი და თავდაცვითი ალიანსია და ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ პუტინს ვაჩვენოთ, რომ ეს მართლაც ასეა და მას მივცეთ უსაფრთხოების გარანტიები.

ოღონდაც ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა 2014 წელს, ნატოს საკუთარი ძალები გერმანიიდან აღმოსავლეთით არ განულაგებია, და რომ ბრიტანეთმა, აშშ-მ და სხვა მოკავშირეებმა ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის დასაცავად ავანგარდის ძალები მხოლოდ 2017 წელს განათავსეს.

მას შემდეგაც კი, ამ ძალებში ხუთ ათას ნაკლები ჯარისკაცია ჩართული რაც შეუძლებელია, რუსეთს საფრთხეს უქმნიდეს. დამატებითი ძალები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მხოლოდ უკანასკნელ კვირებში, რუსეთის მიერ წამოწყებული კრიზისზე საპასუხოდ გაიგზავნა და ისიც არა იმ ზომითა და რაოდენობით, რაც თავად რუსეთს შეიძლება დაემუქროს.

2014 წლამდე ევროპელი მოკავშირეები ამცირებდნენ თავის სამხედრო ბიუჯეტებსა და შეიარაღებულ ძალებს, ალბათ იმაზე სწრაფადაც, ვიდრე ეს უნდა გაეკეთებინათ, მათივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

თუკი ყოველივე ეს შეიცვალა, მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის საქციელისა და მის მიერ გამოწვეული დაძაბულების გამო.

თუკი დღეს ნატოს ძალები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს არიან, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებების საპასუხოდ ხდება, ხდება იმიტომ, რომ ჩვენს მოკავშირეებს მისი საქციელი გამართლებულად აშფოთებს.

ბევრი საუბარია იმის შესახებ, თუ რა ითქვა ან რა არ ითქვა დახურულ კარს მიღმა ოცდაათი წლის წინათ, როცა ბერლინის კედელი დაეცა და როცა გერმანია გაერთიანდა.

მაგრამ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ვალდებული ვართ დავიცვათ ნებისმიერი ევროპული ქვეყნის უსაფრთხოება.

იმ გასაოცარ წლებში რკინის ფარდა დაეშვა და ერთიანი, თავისუფალი ევროპის ხედვამ ხორცი შეისხა – ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გასაოცარი ეპიზოდი გახლდათ.

ჩვენი კონტინენტის გულში არსებულმა ქვეყნებმა თავისუფლება, მათი მომავლის სუვერენული განკარგვის, სასურველი ალიანსების წევრობის არჩევის უფლება დაიბრუნეს.

ჩვენ აღარ დავთმობთ იმ იმედებსა და იმპულსს, რომელიც იმ ერაში შეიქმნა, რომელიც მილიონობით ჩვეულებრივი ევროპელის სიმამაცემ გახადა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, ნატომ კარი 14 ქვეყანას გაუხსნა 1999 წლის შემდეგ და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ეს კარი მიაჯახუნოს.

თუკი დიალოგი შედეგს არ მოიტანს, და თუკი რუსეთი აირჩევს ძალა გამოიყენოს უკრაინის უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, უარყოს ქვეყნებს შორის ცივილიზებული ქცევის ნორმები, უარყოს გაეროს ქარტია, მაშინ ამ კონფერენციაზე დამსწრენი დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს კოლექტიურ ინტერესებშია, რომ რუსეთი დამარცხდეს და დამარცხდეს ისე, რომ ეს აშკარა გახდეს ყველასთვის.

მტკიცედ მწამს, რომ უკრაინაში შეჭრისათვის მზადება პრეზიდენტ პუტინისა და მისი გარემოცვის მწარე შეცდომაა — უკრაინა ამაყი ქვეყანაა, რომლის სამხედრო ძალები 200 ათას კაცს აღემატება, რომელიც დღეს ბევრად უკეთაა მზად ბრძოლისათვის, ვიდრე 2014 წელს.

ვშიშობ, რომ ელვისებურ დარტმას შურისგებისა და შურისძიების, ჯანყის ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი მოჰყვება და რომ რუსი მშობლები თავის ახალგაზრდა ჯარისკაცებს დაიტირებენ – ჯარისკაცებს, რომლებიც გარკვეული გაგებით ისევე უდანაშაულონი არიან დღეს, როგორც უკრაინელები, რომლებიც დღეს მათი შეტევისთვის ემზადებიან.

თუკი უკრაინას შიშველი ძალით დაიმორჩილებენ, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ მეოთხედი მილიონი კვადრატული მილის ფართობის ქვეყანა – ევროპის ფართობით უდიდესი ქვეყანა, თუკი რუსეთს არ ჩავთვლით – შეიძლება გრძელვადიანად დაიმონოს ვინმემ.

თავისუფლების თაობის ზეობის შემდეგ, დღეს სისხლისღვრისა და უბედურების თაობის ჩამოყალიბების საფრთხეს შევცქერით თვალებში.

მწამს, რომ რუსეთი ამ კატასტროფული ღონისძიებით ვერაფერს მოიგებს და ყველაფრის დაკარგვა კი შეუძლია. სანამ დრო ისევ გვაქვს, მოვუწოდებ კრემლს დეესკალაციისაგენ, გამოიყვანეთ ჯარები საზღვრებიდან და განაახლეთ დიალოგი.

ამ კონფერენციაზე დამსწრე ყოველი ქვეყანა იზიარებს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პირობებში მცხოვრები სუვერენული ევროპული ქვეყნების ხედვას, ქვეყნებისა, რომლებიც თავად წყვეტენ საკუთარ ბედს, შიშისა და მუქარის გარეშე.

ბუნებრივია, ეს ხედვა რუსეთზეც ვრცედება, ქვეყანაზე, რომლის კულტურულ მემკვიდრეობასაც ყველანი ვეთაყვანებით და რომლის წვლილიც განუზომელია ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთს მშვიდობიანი და უსაფრთხო ყოფის ისეთივე უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას და ჩვენ კვლავაც აღვნიშნავთ, რომ ევროპული მომავლის ჩვენეულ ხედვაში მათთვის არაფერია საშიში, რომ მათთვის მუქარას და მათ გარიყვას არავინ ლამობს.

და მაშინ, როცა ჩვენ ერთად და მტკიცედ ვდავართ, ჩვენ გვევალება სიბრძნითა და ზომიერებით ვიმოქმედოთ, რადგანაც სწორედ ერთად დგომით შეგვიძლია ახლა, როცა ომის საფრთხე კარზეა მომდგარი, თავიდან ავირიდოთ კატასტროფა და უზრუნველვყოთ კეთილი ნების გამარჯვება.

სწორედ ერთობის ეს გზავნილი მინდა, რომ ამ კონფერენციიდან გაისმას დღეს.

მიუნხენი, 17 თებერვალი 2022.

მსგავსი/Related

Back to top button