ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-ს საქართველოსა და უკრაინაში ომი სურს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას „აშკარად სურს“, რომ იხილოს ომი უკრაინასა და საქართველოში.

უკრაინის შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მიმართ კრიტიკის საპასუხოდ, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის „ერთგვარი ომის პარტია“.

„რეზოლუცი[ის პროექტი], მისი ტექსტი, არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციამ მმართველ გუნდს იმგვარი საგარეო პოლიტიკის გატარება უნდა აცალოს, „რომლის შედეგი არის მშვიდობა და უსაფრთხეობა საქართველოში“.

გაიხსენა რა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი, ქართული ოცნების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია.

პარლამენტი უკრაინის შესახებ ქართული ოცნების რეზოლუციის პროექტს დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე განიხილავს.

ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ, პირველად, 26 იანვსრს გაასაჯაროვა. იმავე დღეს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ისეთი რეზოლუციის თანაინიციატორი ვერ იქნება, სადაც „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის“.

მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 24 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ქართული ოცნების დეპუტატებს კიევის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხისა და ნატოში უკრაინა-საქართველოს არმიღების მოთხოვნის ფონზე.

ოპოზიციის მტკიცებით, თავშეკავებული პოლიტიკით ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის მიმართ მაამებლურ პოზიციას იკავებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button