ახალი ამბები

ინალ არძინბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და RT-ის რედაქტორს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა, რომელიც მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს და კრემლის მთავარ საერთაშორისო პროპაგანდისტულ მედიად მიჩნეული Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს შეხვდა.

არძინბა ბოგდანოვს, რომელიც ასევე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში, 14 თებერვალს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხსენებული რეგიონების ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

ამასთან, 16 თებერვალს, არძინბამ და სიმონიანმა აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის მოახლოებული გახსნის შესახებ ისაუბრეს.

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მედიაცენტრისა და რუსული მედიასაშუალებების თანამშრომლობის, ასევე „საინფორმაციო პოლიტიკის გაძლიერებისა და [ოკუპირებული რეგიონის] პოზიტიური იმიჯის შექმნაზე“ ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, მედიაცენტრი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის, ასევე რუსული მედიასაშუალებების მხარდაჭერით იმუშავებს.

ინალ არძინბამ მოსკოვში ვიზიტი 8 თებერვალს დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button