ახალი ამბები

უკრაინაზე რეზოლუციის გამო საქართველოს პარლამენტი „საცირკო წარმოდგენად“ გადაიქცა

უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობისას, დღეს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატებმა ერთმანეთი „საცირკო წარმოდგენისა“ და „კლოუნადის“ მოწყობაში დაადანაშაულეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, ნატოში გაწევრიანების მსურველი უკრაინის მხადამჭერი რეზოლუციის მიღება აუცილებელია, დეპუტატები ერთიან ტექსტზე შეჯერებას მაინც ვერ ახერხებენ.

ქართული ოცნება რეზოლუციის ტექსტში რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის ხსენებაზე უარს ამბობს და ამტკიცებს, რომ მათ მიერ ინიცირებული პროექტი „დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან“. ოპოზიცია მმართველი პარტიის ამგვარ პოზიციას რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკად აფასებს და „ოცნების“ რეზოლუციის მხარდაჭერას არ აპირებს.

ვითარება დღეს პლენარულ სესიამდე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაიძაბა.

საკომიტეტო მოსმენზე ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო ფრაქცია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი და ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატმა სამადაშვილმა სამხარაძე საკომიტეტო მოსმენის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

„თუ შეიძლება, რომ გადავიდეთ მსჯელობაზე, იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, რასაც ელოდება დღეს, არა მხოლოდ მთელი ქვეყანა, არამედ ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, – უთხრა სალომე სამადაშვილმა ნიკოლოზ სამხარაძეს და დასძინა, რომ კომიტეტის თავმდომარეს სხდომა სათანადოდ ვერ მიჰყავდა.

„შევიკრიბეთ აქ, პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს, სადაც არის და ვერ მიხვედით ძირითად საკითხზე მსჯელობამდე“, – მიმართა მან კომიტეტის თავმჯდომარეს და ხაზი გაუსვა, რომ „ამ კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვართ“.

„ყოჩაღ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ, ველოდებით მომდევნო საცირკო წარმოდგენას, მომდევნო კომიტეტზე“, – უპასუხა სამხარაძემ სამადაშვილს.

„ნუ უზრდელობთ“, – უთხრა ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე სამადაშვილს და მასვე „დამშვიდებისა“ და „დაწყნარებისკენ“ არაერთხელ მოუწოდა. კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვები „შეურაცხმყოფელად“ შეფასდა მედიაში.

თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, საცირკო წარმოდგენად მიაჩნია“ ის, თუ რა ჩაიწერება უკრაინის შესახებ რეზოლუციაში.

„საერთოდ რომ არ აპირებდით არანაირ რეზოლუციაზე მსჯელობას, ამ პარლამეტში და თბილად და ტკბილად რომ სხედხართ, 10 წელიწადია ხელისუფლებაში“, – მიმართა მან ოპონენტებს.

კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ რეზოლუციის პროექტის ერთიან ტექსტზე ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ შეთანხმება მაინც ვერ შეძლეს.

ამის შემდეგ, პროექტზე მსჯელობა სასესიო დარბაზში გაგრძელდა, სადაც მას დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button