Placeholder canvas
ახალი ამბები

ზალკალიანი მოსკოვის მოთხოვნების, უკრაინაზე ხელისუფლების პოზიციის შესახებ საუბრობს

„ტვ პალიტრასთან“ ვრცელ ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხო დასავლელი პარტნიორების პოზიციას ნატოს გაფართოების შეჩერებაზე მოსკოვის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ასევე ბრალდებებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უკრაინის გარშემო მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე ჩუმადაა.

ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მიმართ 

საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ბრალდებები, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ხმას არ იღებს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის შესახებ და განაცხადა, რომ ოპოზიციას სურს, ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს „ჩვენ რუსეთის მიმართ მაამებლური დამოკიდებულება გვაქვს“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები გააკეთა კიევში და ბრიუსელში ვიზიტების დროს. ამის მაგალითად მან ყირიმის პლატფორმაში საქართველოს პრემიერმინისტრის მონაწილეობაც დაასახელა.

„ყირიმის პლატფორმაში ბევრმა ქვეყანამ არ მიიღო მონაწილეობა, საქართველო იქ იყო და იქ იყო გარკვეული რაოდენობა ქვეყნების“, – განაცხადა ზალკალიანმა. „ეს არ იყო ხმამაღალი განაცხადი და ხმამაღალი ძახილი?“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მკაფიო მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს ფარგლებში გამართული ვიზიტის დროს, ასევე დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბრის გარდა, მას არაოფიციალურად ყოველდღიურად ესაუბრება.

საქართველოს არცერთი პარტნიორი არ ფიქრობს, რომ ქვეყანა ხმამაღლა არ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა: „თქვენ გაგიგიათ ერთი, თუნდაც კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების?“

მისივე თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, თბილისი არ გამოიყვანს კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლებს. „ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი არიან მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდნენ

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებით „დაბალანსებულ“ პოლიტიკას გაატარებს

უკრაინის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებული რეზოლუციის მიმართ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ ოპონენტები ცდილობენ ხელისუფლება ისე წარმოაჩინონ, თითქოს ის ლოიალურია რუსეთის მიმართ.

მინისტრის თქმით, სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დაუშვა „რუსეთის აგრესია და ოკუპაცია“.

ზალკალიანმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იქნებოდა, რომ რეზოლუცია კონსენსუსით მიეღოთ და რუსეთის შესახებ პუნქტი არ გახდარიყო „პოლიტიკური მანიპულაციების“ საგანი.

მინისტრის თქმით, რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პოზიციაა, რომ არ მოხდეს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები ომის და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

იმის დასტურად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას კრემლთან ლოიალური დამოკიდებულება არ აქვს, მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება დაასახელა, რომელიც აფრთხილებს საქართველოს, რომ წარსულიდან დასკვნა გამოიტანოს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს.

ზალკალიანის თქმით, სწორედ მოსკოვმა უნდა გამოიტანოს დასკვნა წარსულიდან, რადგანაც „საერთაშორისო პრინციპები და საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი არის თავდაყირა დაყენებული სწორედ იმის გამო, რომ 2008 წელს მოხდა საქართველოს ოკუპაცია და უგულვებელყოფა ფუნდამენტური პრინციპების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით“.

მოსკოვის მიერ „უსაფრთხოების გარანტიების“ მოთხოვნა 

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოელ მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება მოსკოვის მოთხოვნების შესაბამისად და არ გაუქმდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

მან გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ დასავლელი პარტნიორები უარს იტყვიან ღია კარის პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ის არ იქნება გამოყენებული „სავაჭრო ბერკეტად“, იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ არ განახორციელოს ინტერვენცია უკრაინაში.

ზალკალიანის თქმით, სწორედ ეს იყო ნაჩვენები ვაშინგტონის წერილობით პასუხში, რომელიც მოსკოვს 26 იანვარს გაეგზავნა. მან განაცხადა, რომ მართალია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წერილის შინაარსი არ გაასაჯაროვა, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება.

მინისტრის თქმით, საქართველოს პარტნიორები მზად არიან, მოსკოვთან შეხვედრებზე განიარაღებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხები დააყენონ.

„ეს არის ის თემები, რაზეც, შესაძლოა, იყოს საუბარი და რაზეც უნდა გაიმართოს საუბარი, თუ რუსეთის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, რომ ამ პროცესში შევიდეს და ეს გამოჩნდება უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ მოსკოვის რეაქცია აჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელია კრემლი, როდესაც ამბობს, რომ „მათ არ უნდათ ომი და მათ არ აქვთ მიზნად უკრაინაში შეჭრა“.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ „საკუთარ თავზე იწვნია აგრესია, რომელსაც მოჰყვა ოკუპაცია და ეს პროცესი, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება“.

„ის, რომ რამდენიმე ათეულ კილომეტრში თბილისიდან რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ინტერვენციას“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, საქართველოს მჭიდრო კოორდინაცია აქვს დასავლელ მოკავშირეებთან იმისათვის, რომ „ქვეყანა არ დავაყენოთ იმ კატასტროფ[ული] საფრთხის წინაშე, რაც შეიძლება მოჰყვეს კიდევ ერთ დაპირისპირებას“.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ის სცენარი და ის განვითარება, რაც იყო 2008 წელს“, – დასძინა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button