skip to content
ახალი ამბები

ინსპექტორის სამსახური პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ, შშმ ახალგაზრდაზე ძალადობას იძიებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, 24 იანვარს გამოძიება დიწყო, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გავრცელდა კადრები, თუ როგორ სცემს სამართალდამცველი, თბილისში, მეტროსადგურ ისანში, სავარაუდოდ, სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას.

ინსპექტორის სამსახური საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობით ან იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3-5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე.

„ტელეკომპანია პირველის“ მიეგ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ახალგაზრდას დაახლოებით ხუთჯერ მაინც ურტყამს, პარალელურად კი – მის გვერდით მეორე პოლიციელი დგას, რომელიც საქმეში არ ერევა და მოძალადის შეჩერებას არ ცდილობს.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტამდე პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ესკალატორზე დგას, ხელი მოჰკიდა, მისი თანმხლები პირი კი – სამართალდამცველს აფრთხილებს, რომ „ყრუ-მუნჯია“ და ხელი გაუშვას.

„ყრუ-მუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?“, – პასუხობს პოლიციელი და ახალგაზრდა მეტროსადგურის ოთახში შეჰყავს. „ეხლა უნდა ავალაპარაკო“, – თქვა მანვე და დარტყმამდე დასძინა, რომ სანამ მისი მშობლები არ მოვიდოდნენ, მანამდე მას არ გაუშვებდა.

ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლელვა ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო და მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button