Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერმინისტრის საახალწლო მილოცვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2022 წელი მიულოცა.

„სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ:

„ძვირფასო თანამემამულეებო!

გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას!

მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი.

ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს საერთო მშვიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე, რათა ადამიანები მთელ მსოფლიოში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენც ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, განახლებაზე, ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე.

2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო, – იყო პოლიტიკური ვნებათაღელვაც, იყო პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები სხვადასხვა მიმართულებით, და მეტიც, იყო ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი წუხილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის გამო.

მაგრამ გასული წელი წარმატებებითაც აღინიშნა სხვადასხვა კუთხით, – ჩვენს ქვეყანას წინსვლა არ შეუჩერებია არც ერთი წუთით და სერიოზული მიღწევები გვქონდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, ჩვენ გვჭირდება მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ამ ახლებურ შემართებას გაბედული და დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და ჩვენც ახალ წელს სწორედ ამ მიდგომით დავიწყებთ.

მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენს საქმიანობას. პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკის მიმართულება. გასული წელი წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი.

ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო – ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო.

ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად.

მინდა განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მივულოცო ახალი წელი ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველა ექიმს, ექთანსა თუ დამხმარეს, ხალხს, ვინც, პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს და ღამეს ასწორებს და მუხლჩაუხრელად, უშიშრად, გმირულად ემსახურება ჩვენს ხალხს, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ამ რთულ პერიოდში.

ახალი წელი მინდა მივულოცო ყველას, ვინც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მინდა აქედან მივესალმო ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს და ვისურვო, რომ მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამშობლოს.

განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს ოფიცრებს, მათ, ვინც თავდადების მაგალითს აძლევს მომავალ თაობებს.

ახალ წელს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მშრომელ ადამიანს, ვისი ყოველდღიური კეთილსინდისიერი საქმითა და შრომით არის შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოს წარმატება და გაძლიერება.

ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივ, პროგრესულ, ნიჭიერ თაობას და ბევრ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე. ვულოცავ ჩვენს პროფესორ – მასწავლებლებს, ჩვენი ახალგაზრდობის აღმზრდელებს და ვპირდები, მომავალშიც გავაგრძელებთ მათი შრომის უფრო მეტად დაფასებას და მე ვისურვებდი, ბევრი სიხარული და ბედნიერება მოეტანოს მათთვის ამ ახალ წელს.

დიდი მოწიწებით ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს პენსიონერებს, ვეტერანებს, მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამისთვის.

ახალი წელი და მომავლის იმედი გვაძლევს რწმენას და ძალას, რათა უფრო მეტი შემართებით, თავდადებით, გულწრფელობითა და სიყვარულით ვემსახუროთ ჩვენს ძვირფას სამშობლოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button