skip to content
ახალი ამბები

„რადიო თავისუფლება“: მკვლელობაში მსჯავრდებულ პოლიციელს სასჯელი შეუმცირეს და გაათავისუფლეს

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს მიერ 27 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პოლიციელ სიმონ (სოსო) გაბრიაძეს, რომელსაც განზრახ მკვლელობისთვის 8-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი 15 თვემდე შეუმცირა და მან საპატიმრო 2021 წლის ივლისში დატოვა.

შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, კომენდანტის საათის დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრმად ნასროლმა ტყვიამ შუა ხნის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ მედია იტყობინებოდა, რომ მსხვერპლი ვაჟა ფშაველას გამზირზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, მას მოპირდაპირე აივნიდან ნასროლი ტყვია თავის არეში მოხვდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა იყო.

მომხდარიდან მეორე დღეს, 20 აპრილს, პროკურატურამ განაცხადა, რომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით (სსსკ-ის 116-ე) პოლიციელი დააკავა, რაც სასჯელის სახით 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. უკვე 21 აპრილს, საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსსკ-ის 108-ე) დაუმძიმეს, რაც 7-15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

„რადიო თავისუფლება“ ჟურნალისტურ გამოძიებაში პოლიციელისთვის სასჯელის შემსუბუქების საქმეში ბრალდების მხარის, სასამართლოსა და ეკლესიის შესაძლო გავლენაზეც მიანიშნებს.

პირველი ინსტანციის განაჩენი, სააპელაციოს გადაწყვეტილება და პროკურატურის შესაძლო როლი

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში თიკა მახალდიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დედამისის მკვლელობისთვის ბრალდებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში არა პროკურატურამ, არამედ მსჯავრდებულმა გაასაჩივრა. შედეგად, სააპელაციო სასმართლომ მას 2021 წლის 27 აპრილს ბრალი შეუმსუბუქა. კერძოდ, განზრახ მკვლელობის მუხლი კვლავ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით შეუცვალა, 8-წლიანი პატიმრობა კი – 1 წელსა და 3 თვემდე შეუმცირა, ამასთან მას იმავე ვადით პირობითი მსჯავრი დააკისრა.

„რადიო თავისუფლება“ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ უწყებამ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ამ უკანასკნელმა პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ეკლესიის შესაძლო როლი პოლიციელისთვის სასჯელის შემსუბუქებაში

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაში, პოლიციელისთვის სასჯელის შემსუბუქებაში ეკლესიის, კერძოდ კი – ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას როლზეც არის ყურადღება გამახვილებული.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დედის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 2021 წლის აპრილში, მომღერალმა თიკა მახალდიანმა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას თქვა, რომ იგი დედის მკვლელისთვის პატიებაზე ფიქრობდა და ამაში მას დეკანოზი შალვა კეკელია ეხმარებოდა.

„რადიო თავისუფლება“ მახალდიანის მეუღლის მონათხრობზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შემდეგ, პროკურატურამ მათ ადვოკატის მეშვეობით შემოუთვალა, აპირებდნენ თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პასუხამდე 2-3 დღით ადრე, გარდაცვლილის ოჯახის წევრები შალვა კეკელიასთან ეკლესიაში მივიდნენ, რა დროსაც კეკელიამ მის მეუღლეს უთხრა, რომ ნუ მიიღებდა მკვლელობაში ბრალდებულის 15 წლით დასჯაში მონაწილეობას, რადგანაც ეს მას „განზრახ არ გაუკეთებია“.

„სწორად შეხედე, ქრისტიანულადო. ამ საუბარმა დიდი როლი ითამაშა და აღარ გავაპროტესტეთ, ჩვენი მხრიდან ამ საქმეში მონაწილეობა ამით დასრულდა“, – წერს რადიო თავისუფლება მახალდიანის მეუღლის სიტყვებზე დაყრდნობით.

თავად შალვა კეკელიამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ ტრაგედიის შემდეგ, თიკა მახალდიანი მისი ეკლესიის მრევლის წევრი გახდა, ამასთან, მასთან ტაძარში ხშირად მიდიოდა დაკავებული პოლიციელის მეუღლეც.

„მე პირდაპირ ესე არ ვერეოდი, მაგრამ თიკას ხშირად ვესაუბრებოდი, ვეუბნებოდი, რომ ეს არ იყო გამიზნულად ჩადენილი დანაშაული, რომ ადამიანმა განზრახ რაღაცა საშინელება ჩაიდინა, ყველას შეიძლება მსგავსი რაღაც დაემართოს“, – თქვა შალვა კეკელიამ „რადიო თავისუფლებასთან“ და დაამატა, რომ, საბოლოოდ „თიკამ შეძლო ეპატიებინა და მიანდო ღმერთს ეს ყველაფერი“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს თავად თიკა მახალდიანის დამსახურებაა და არა მისი.

იურისტების პოზიცია

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაში იურისტების პოზიციაც არის წარმოჩენილი, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციას თავიდანვე არ აკმაყოფილებდა და პროკურატურამ დაკავებულს ბრალი საზოგადოების გავლენით დაუმძიმა.

მათი შეფასებით, აქ მნიშვნელოვანი ის ფაქტორია, რომ, მაშინ, როდესაც 116-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა 4 წელია, სასამართლო მხოლოდ 15-თვიან პატიმრობას დასჯერდა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ხელმისაწვდომი არ არის და შესაბამისად უცნობია, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო მეორე ინსტანციის სასამართლო სასჯელის შემსუბუქებისას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button