skip to content
ახალი ამბები

გერმანული სასამართლო: ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა 

გერმანულმა სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელოვაშია დამნაშავე და მას უვადო პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ტერორისტად მიჩნეული ჩეჩენი წარმომავლობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.

„2019 წლის ივნისში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებმა ბერლინში თორნიკე ხანგოშვილის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს“, – იტყობინება „როიტერსი“ მოსამართლის სიტყვებზე დაყრდნობით.

მოსამართლე ოლაფ არნოლდიმ განაცხადა, რომ დანაშაული „პროფესიული ოპერაცია“ იყო, რომელიც ბერლინში ადგილობრივი დახმარების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრასიკოვი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, პარიზში გაფრინდა, ყალბი პასპორტით და ფულით შეიარაღებული, იქიდან კი – ბერლინში გაემგზავრა.

მას შემდეგ, რაც ხანგოშვილს სამჯერ ესროლა, კრასიკოვი ბუჩქებში დაიმალა, რათა წვერი მოეხსნა და ტურისტივით ჩაეცვა, თუმცა მოსამართლის თქმით, ეს გეგმა მოწმეების ყოფნამ ჩაშალა.

„ოთხმა შვილმა მამა დაკარგა, ორმა დედმამიშვილმა კი ძმა“, – განაცხადა მოსამართლემ.

Associated Press-ის ცნობით, სამართლო გადაწყვეტილება ასევე კრძალავს კრასიკოვის ვადამდელ გათავისუფლებას 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეა პანკისის ხეობიდან, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა რუსული ძალების წინააღმდეგ. იგი გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2015 წელს თბილისში მკვლელობას გადაურჩა. ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. პოლიციამ დანაშაულის კვალდაკვალ რუსეთის მოქალაქე დააკავა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ კრასიკოვი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან იყო კავშირში და გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელით ჩავიდა. საბოლოოდ, რუსეთის მოქალაქის იდენტიფიცირება უკრაინიდან მოწმემ შეძლო. ეს უკანასკნელი კრასიკოვის ქვისლია.

თუმცა, პროკურატურამ ვერ დაადგინა კონკრეტულად ვინ დაუკვეთა მკვლელობა.

დაცვის მხარემ უარყო პროკურატურის ბრალდება. დღევანდელ მოსმენაზე, კრასიკოვმა განაცხადა, რომ იგი რეალურად ვადიმ სოკოლოვია. მან უარყო კავშირები რუსეთის ხელისუფლებასთან ან FSB-სთან, როგორც ამის თაობაზე გერმანული გამოცემა Tagesschau იტყობინება.

ხანგოშვილის მკვლელობამ რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დაძაბა. 2019 წლის დეკემბერში, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა და მოტივად, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მათი უარი დაასახელა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ გერმანიაში რუსეთის ელჩის, სერგეი ნეჩაევის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება „მიკერძოებული, პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელიც სერიოზულად აუარესებს ისედაც რთულ ურთიერთობებს რუსეთსა და გერმანიას შორის“. მისი თქმით, ვერდიქტი, რომელიც „აშკარად არამეგობრული ქმედებაა“, მოსკოვის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ დასავლეთსა და მოსკოვს შორის ამ უკანასკნელის მიერ უკრაინის მახლობლად სამხედრო მობილიზაციის თაობაზე დაძაბულობის ზრდის ფონზე მიიღო. იმავდროულად, გერმანიას ახალი მთავრობა ჰყავს და ერთი კვირის წინ, 8 დეკემბერს ოლაფ შოლცი და ანალენა ბერბოკი კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდნენ. ეს უკანასკნელი მოსკოვს სერიოზული შედეგებით დაემუქრა, თუ ის უკრაინის სუვერენიტეტს დაარღვევდა.

საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button