skip to content
ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კომპანიების ანონიმური მფლობელების პრობლემასა და კორუფციის რისკებზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში კომპანიების ანონიმური მფლობელების პრობლემაზე, მზარდ კორუფციულ რისკებზე, ფულის გათეთრებისა და მაღალი თანამდებობის პირებსა და კომპანიებს შორის საიდუმლო გარიგებების საფრთხეებზე საუბრობს.

ორგანიზაციის თქმით, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში არსებული 3 200-მდე კომპანიის მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლებიც 160-მდე მსხვილ ან საშუალო საწარმოებს ფლობენ, რომელთა შორის არიან -„თბილისის ენერჯი“, „ბილაინი“, „აიდიეს ბორჯომი“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ და სხვ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ეს კომპანიები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს, მნიშვნელოვან ლიცენზიებსა და ნებართვებს, მონაწილეობენ სახელმწიფო პროგრამებში, სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათებით.

ორგანიზაციის თქმით, 2011-2020 წლებში, ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38%-ია.

ფინანსთა ყოფილ მინისტრ, ივანე მაჭავარიანი განცხადებაზე მითითებით, სადაც მან თქვა, რომ ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60-70% ადგილობრივი ინვესტიციაა, ანუ „გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან“, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოთქვა ეჭვი, რომ, შესაძლოა, კომპანიების ანონიმური მფლობელობის გამოყენება სხვადასხვა კორუფციული მიზნისთვის ხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ხაზი გაუსვა, რომ საიდუმლო კომპანიებს „ფარული, არაჯანსაღი გავლენა [აქვთ] სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე“. ორგანიზაციისვე შეფასებით, „ფარულ“ გარიგებებში გამოხატული ბიზნესისა და საჯარო ინტერესის „არაჯანსაღი“ გადაკვეთა „მაღალი დონის კორუფციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის“.

ორგანიზაციის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სულ მცირე სულ მცირე 20 ოფშორული კომპანიის ბენეფიციარია, რომელთაგან 12 მხოლოდ საქართველოში 26 კომპანიას ფლობს, რომლებიც თავის მხრივ სხვა კომპანიებს ფლობენ. „შედეგად, ბიძინა ივანიშვილის 12 ოფშორული კომპანია საქართველოში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით 70 კომპანიას ფლობს“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულის „მთავარ“ მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს, „რომლის გავლენა ქვეყნის მთავრობასა და საჯარო დაწესებულებების უმეტესობაზე, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მიტაცება“.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ფოთის პორტში ბიძინა ივანიშვილის პირადი ბიზნესინტერესებისა (რაც პანდორას დოკუმენტებიდან დასტურდება) და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი ანაკლიის პორტის კონკურენტია, „ისმის ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ მოხდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის გაჩერება კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ“.

ხაზი გაუსვა რა, რომ 2013 წელს, პრემიერმინისტრობის დროს, ბიძინა ივანიშვილმა დეკლარაციაში ეს კომპანიები არ ასახა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განაცხადა, რომ დეკლარირების არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს კომპანიების ანონიმური მფლობელობის გამჟღავნებას და ეს მფლობელების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

ანონიმური კომპანიების მფლობელობის პრობლემის გადასაჭრელად, ორგანიზაციამ მთავრობამ ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნისკენ მოუწოდა. ბენეფიციარი არის ადამიანი, რომელიც ფლობს კომპანიის წილს ან აქტივს, ან აკონტროლებს და იღებს გადაწყვეტილებებს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. „რეესტრის შექმნის რეკომენდაცია ქვეყანას მიღებული აქვს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისგანაც“ (OECD), რაც არ შესრულებულა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის თქმით, რეესტრი ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და თანამდებობის პირების გაკონტროლების ახალი მექანიზმი იქნება. ამასთან, „საგამოძიებო ორგანოებს უჩნდებათ შესაძლებლობა, უფრო მარტივად მიაკვლიონ დამნაშავეს და ამოიღონ მოპარული თანხა“.

აგრეთვე, რეესტრის შექმნით, „ბიზნესს უჩნდება შესაძლებლობა, გადაამოწმოს, ვისთან იჭერს საქმეს და ამ გზით შეამციროს რისკები. ასევე, არაფორმალური გარიგებების რისკის შემცირების გამო ბიზნესგარემო ხდება უფრო თანასწორი და კონკურენტული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button