skip to content
ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები აირჩია

თბილისის საკრებულომ, სადაც ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვა, 3 დეკემბერს გამართულ პირველ სხდომაზე თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიების თავმჯდომარეები აირჩია.

27 ხმით ერთის წინააღმდეგ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ქართული ოცნების წევრი, გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.

საკრებულოს წევრებმა გიორგი ახვლედიანი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე მოადგილეებად აირჩიეს.

იმავე დღეს, საკრებულოს წევრებმა კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს:

  • იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია – ლევან ჟორჟოლიანი;
  • ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია – ირაკლი ხელაძე;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია – ზურაბ ჩიკვილაძე;
  • განათლებისა და კულტურის კომისია – კახა ლაბუჩიძე;
  • გარემოს დაცვის კომისია – ნიკოლოზ კახეთელიძე;
  • ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია – ლევან არველაძე;
  • სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია – ნინო ვარდოსანიძე;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – გიორგი ჩაკვეტაძე;
  • ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია – რევაზ სოხაძე;
  • სარევიზიო კომისია – ლევან ჯაფარიძე;
  • სატრანსპორტო საკითხთა კომისია – შალვა ობგაიძე.

თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე ქართულმა ოცნებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოსთვის შესაბამისი ფრაქციებიც ჩამოაყალიბეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტიამ საქართველოსთვის პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გიორგი გახარიას პარტიამ ამის მიზეზად თანამდებობის პირების თანამშრომლობის გზით არჩევაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის უარი დაასახელა. იმავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმის საკრებულოში არჩეული ნაციონალური მოძრაობის გარდაცვლილ წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც პარტიის მტკიცებით, ქართული ოცნების ზეწოლის სამიზნე გახდა, რათა ის მმართველი გუნდის მხარეს გადასულიყო. ორივე პარტიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პირველი დღის პროტესტისა, ისინი საკრებულოს მუშაობაში ჩაერთვებიან.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოში 29 მანდატი მოიპოვა, ნაციონალურმა მოძრაობამ – 13, საქართველოსთვის – 4, ლელომ – 2, გირჩი-მეტი თავისუფლებამ – 1, პარტიამ ხალხისთვის – 1.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button