Placeholder canvas
ახალი ამბები

ტყიბულში უბედურ შემთხვევას ორი მაღაროელი ემსხვერპლა

27 ნოემბერს ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი მაღაროელი ემსხვერპლა. კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტში ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორივე მათგანი მოიყოლა.

მაშველებმა უბედურის შემთხვევის დღესვე 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი, ხოლო მეორე, 65 წლის ვიტალი ტურძილაძე ცოცხლად ამოიყვანეს. იგი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 29 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა.

საქართველოს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებს.

უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უბედურ შემთხვევაზე საუბრისას, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 29 ნოემბერს შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება შრომის უსაფრთხოების რეგულაციებს ვერ აღასრულებს საქართველოს ყველა რეგიონში და რომ ისინი ყველა კომპანიაზე თანაბრად არ ვრცელდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რეგულაციების აღსრულება ეფექტიანად უნდა მართოს, დამრღვევი ორგანიზაციების მიმართ შემწყნარებლობის სრული გამორიცხვით.

აღნიშნა რა, რომ მაღალი დონის უმუშევრობა უბიძგებს მოქალაქეებს, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ალტერნატიული დასაქმების პროგრამების შემუშავება გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად და შესაბამისი პროექტები მომზადდეს შემჭიდროებულ ვადებში. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, რადგან იგი მიერთებულია პარიზის შეთანხმებას სითბური აირების ეტაპობრივ შემცირებასთან დაკავშირებით, ადრე თუ გვიან ნახშირის მოპოვების მინიმუმამდე დაყვანა და ბოლოს უარის თქმა მაინც მოუწევს.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ტყიბულის კუსტარულ მაღაროებში არსებულ სიტუაციას „ტრაგიკული“ უწოდა, ვინაიდან მათ კომპანიები, ან რეგისტრირებული იურიდიული პირები არ მართავენ. მისი თქმით, სწორედ ეს ართულებს იმის დადგენას, თუ ვინაა პასუხისმგებელი, ან ვინ დგას მათ უკან.

მისი თქმით, კუსტარული მაღაროების მუშაობის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button