ახალი ამბები

მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების მოკვლევის პირველადი შედეგები ცნობილია

ქალაქ ტყიბულში მდებარე ქვანახშირის მომპოვებელი მინდელის შახტის მფლობელი კომპანიის, „საქნახიშირის“ მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებით, 30 იანვარს შახტში მომხდარი აფეთქებისას, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი – დაშავდა, დარღვეული იყო ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.

კომპანიის მიერ 8 თებერვალს გავრცელებული განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მეთანის დონე 1%-ზე მეტი ფიქსირდებოდა, სამთო დისპეჩერმა აფეთქებაზე ნებართვა მაინც გასცა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების სრული დარღვევაა.

კომპანიამ პასუხისმგებლობა ოსტატ-ამფეთქებლებსაც დააკისრა, რომელთაც საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების შესახებ სტანდარტი დაარღვიეს, უფლება-მოვალეობები თვითნებურად გაცვალეს, „რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა“.

კომპანიის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა გაზ-მეთანი გეგმიურად გაზომა, ოსტატ ამფეთქებელს გაზ-მეთანი დამატებით უნდა გადაეკონტროლებინა, თუმცა მან არც სანგრევი დამუხტა და არც საგზაო ვითარება გააკონტროლა, რადგანაც გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი შახტში წაღებული არ ჰქონდა.

„ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, N8 ველში +280 ჰორიზონტზე გამორთული იყო ადგილობრივი განიავების ვენტილატორიც, რომელიც უზრუნველყოფს სანგრევის განიავებას და გაზის დაგროვების პრევენციას. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ იყო ვენტილატორი გამორთული, როდის გამოირთო და ვინ გამორთო ის.

კომპანიის განმარტებით, სპეციალურმა კომისიამ თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ ინფორმაცია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან აიღო.

„საქნახშირის“ განცხადებით, საბოლოო დასკვნა მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი შედეგი, შესაძლოა, მოდიფიცირდეს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და დამატებითი გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.

მინდელის შახტში მომხდარს შრომის ინსპექციაც იკვლევს, რომელმაც „საქნახშირს“ საამფეთქებლო სამუშაოების შეჩერებისა და იმ კონკრეტული უბნის დახურვის მითითებაც მისცა, სადაც აფეთქება მოხდა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პასუხი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ კომპანია „საქნახშირი“ „პასუხისმგებლობის ისრები მთლიანად დასაქმებულებისკენ“ გადატანის მცდელობის გამო გააკრიტიკა.

პროფკავშირების განცხადებით, „საქნახშირის“ განცხადება კომპანიის შრომით დისციპლინაში არსებულ „უამრავ“ ხარვეზზე მიანიშნებს.

„ყველა იმ დარღვევაზე, რომელზეც საუბარია კომპანიის განცხადებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, რადგან შრომითი დისციპლინის ორგანიზება სწორედ რომ კომპანიის ვალდებულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროფკავშირების თქმით, თუკი კომპანიის ხელმძღვანელობაში კვლავ არიან ისეთები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამრეწველო პოლიტიკა კვლავ მოპოვებული ნახშირის რაოდენობის ზრდას უნდა ეფუძნებოდეს და არა ნახშირის უსაფრთხოდ მოპოვებას, ეს დისციპლინის დარღვევის ყველა მეთოდს „წაახალისებს.

შენიშვნა: მასალა 2022 ლის 10 თებერვლის 17:00 სთ-ზე პროფკავშირების განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button