skip to content
ახალი ამბები

მედიაკოალიცია თეა წულუკიანს ჟურნალისტთა დისკრიმინაციის გამო აკრიტიკებს

მას შემდეგ, რაც დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ გადამღები ჯგუფები არ დაუშვეს, კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდა უწყებას, რომ „შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია“.

კოალიციამ განაცხადა, რომ ორი ტელეკომპანიის ჟურნალისტები კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე არ მიიწვიეს და მედიასაშუალებების მხოლოდ ნაწილმა შეძლო დასწრება. „მთავარი არხის“ ცნობით, ბრიფინგის შესახებ მათ თავისით შეიტყვეს, უწყებაში გადამღები ბრიფინგის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივიდა, თუმცა დასწრების უფლება არ მისცეს.

უფლებადამცველების შეფასებით, „დისკრიმინაციული“ მიდგომა ლახავს მედიის უფლებას „შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს“.

კოალიციამ მოუწოდა კულტურის სამინისტროს მედიის მიმართ „დისკრიმინაციული“ მიდგომა შეწყვიტოს და ყველა ჟურნალისტს ინფორმაციაზე წვდომის „თანაბარი შესაძლებლობა“ მისცეს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ“, – განაცხადა კოალიციამ და მაგალითად იუსტიციის სამინისტროს 11 ნოემბრის ბრიფინგი დაასახელა, რომელზეც მედიის ნაწილი ასევე არ მიიწვიეს.

დღევანდელ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ახალი ლიტერატურული პრემია – „წლის საუკეთესო“ წარადგინა.

კულტურის სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ კომენტარზე უარი უთხრეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button