ახალი ამბები

ქართული ოცნების დეპუტატები უკრაინის სახალხო დამცველს აკრიტიკებენ

ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ, ასევე მმართველი პარტიის დეპუტატებმა – შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა იმ განცხადებისთვის გააკრიტიკეს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული და გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციები დაარღვია.

უკრაინის სახალხო დამცველი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. იუსტიციის სამინისტრომ დღეს დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის უფლება არ მისცა. სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანში მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სჯობს უკრაინის სახალხო დამცველმა მეტი ყურადღება იმ „ათასობით“ პატიმარს დაუთმოს, რომლებიც უკრაინულ ციხეებში „ჰყავს“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ უკვე წლებია, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაც შეაწუხა. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილი „არანაირი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის არ არის“ და ყოფილი პრეზიდენტი იტალიელ და რუმინელ დიქტატორებს – ბენიტო მუსოლინისა და ნიკოლაე ჩაუშესკუს შეადარა.

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში არის „კერძო პირი“ და დასძინა, რომ „ომბუდსმენის იურისდიქცია შემოიფარგლება იმ ქვეყნით, რომელშიც ის არის“.

„საქართველო, ეს არ არის ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება, თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის არავის უნდა გამოვაყენებინოთ. „ამიტომ, მან [დენისოვამ] უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“, – ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინის საელჩომ საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შეშვების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მე-18 დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა „საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული“ და არც ამის „აუცილებლობა“ დგას.

საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს „შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს , რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას“.

ლუდმილა დენისოვა საქართველოში 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, მან ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button