ახალი ამბები

ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 24-ე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 24-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოსცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2021 წლის აპრილიდან-სექტემბრამდე პერიოდში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს.

დოკუმენტი შეშფოთებას გამოხატავს ოკუპურებულ რეგიონებში პანდემიის ფონზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე, და სიცოცხლის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვაზე.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრესი არ შეიმჩნევა არც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეწევიან წითელი ჯვრის კომიტეტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მაშინ როცა ცხინვალის რეგიონში ამ მისიით მხოლოდ წითელი ჯვრის კომიტეტია დაკავებული.

სიტუაცია აფხაზეთში

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში „სტაბილური ტემპით“ კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი. ასევე ანგარიშში მოყვანილია საქართველოს ხელისუფლების მონაცემები, რომელთა თანახმადაც, 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად 10 პირი დააკავეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შორის 2020 წლის 14 მარტიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გამშვები პუნქტის 478-დღიანმა ჩაკეტვამ „ჰუმანიტარული მდგომარეობა გააუარესა და გააძლიერა გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას კონფლიქტით დაზარალებული თემები“.

დოკუმენტი ასევე შეეხო დაკეტილი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გამყოფი ხაზის გადაკვეთის მცდელობების მომრავლებას, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და უკანონო დაკავებებსა და ჯარიმებს იწვევს.

დოკუმენტის მიხედვით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ განსაკუთრებით დააზარალა აფხაზეთის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომელთაც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო თუ სხვა სახის სერვისების მიღება შეეზღუდათ.

ადრინდელი ანგარიშების მსგავსად, წინამდებარე დოკუმენტშიც გამოთქმულია შეშფოთება აფხაზეთის სკოლებში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის შესახებ.

სიტუაცია ცხინვალის რეგიონში

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ბორდერიზაცია“ რამდენიმე ადგილას გაგრძელდა და რომ  საქართველოს მთავრობამ 2021 წლის დასაწყისიდან 92 ასეთი ინციდენტი და თვითნებური დაკავების 38 შემთხვევა გამოავლინა.

კონსოლიდირებულ ანგარიშში მოყვანილია ცნობების თანახმად, გამყოფი ხაზის ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ვითარება კვლავ ნოყიერ ნიადაგს ქმნის დაძაბულობისა და შეტაკებებისათვის. ანგარიშის მიხედვით, ამ მონაკვეთზე ესკალაციის რისკი კვლავაც მაღალია.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონში  „მძიმე“ ჰუმანიტარული მდგომარეობაა . მოხსენებაში ნათქვამია, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გამშვები პუნქტების დაკეტვის ფონზე კვლავაც აფერხებს რეგიონის მცხოვრებლებს,  თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდნენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

დოკუმენტი შეშფოთებას გამოთქვამს „ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის გაცემული ე.წ. „გადაკვეთის ნებართვის საბუთების“ შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე“, რაც დამატებით აფერხებს  გადაადგილების თავისუფლებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button