skip to content
ახალი ამბები

საქართველოში 12-15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია და „ბუსტერ“ დოზით აცრა იწყება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 12-15 წლის მოზარდებს „პაიზერის“ ვაქცინით აცრიან. ვაქცინაციისთვის საჭირო იქნება მშობლის თანხმობა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ ორჯერადად აცრილი პირები ე.წ. „ბუსტერ“ დოზების მიღების 10 ნოემბრის შემდეგ შეძლებენ. მოქალაქეს, რომელიც აცრილია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის ამავე ან „ფაიზერის“ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება.

„სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილი 60+ წლის პირებისთვის „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-6 თვემდე ინტერვალშია დასაშვები. რაც შეეხება „ასტრაზენეკათი“ ან „ფაიზერით“ აცრილ პირებს, ისინი „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ მიიღებენ.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, ხელისუფლება წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრას აპირებს. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს გეგმა ვერ შესრულდება. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მარტში დაიწყო და 9 ნოემბრის მდგომარეობით, მინიმუმ ერთი დოზით 1 052 313 ადამიანია აცრილი, მათ შორის, სრულად აცრილია 954 991.

ზაფხულში ვაქცინაციის ტემპი მაღალი იყო, თუმცა სექტემბრიდან მოყოლებული პროცესი შენელდა. 8 ნოემბერს მხოლოდ 5 254 აცრა გაკეთდა.

ვაქცინაციის წასახალისებლად ხელისუფლება პირველი დეკემბრიდან კოვიდ-19-ის „მწვანე პასპორტების“ შემოღებას გეგმავს. ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა“ და რომ ნაცვლად ამისა, მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“, მოქალაქეები აცრის საჭიროებაში დაარწმუნოს.

ასევე წაიკითხეთ:

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button