ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ თავისუფლების მოედანზე ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე სამი დღით ადრე, ქართულმა ოცნებამ დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ათასობით მხარდამჭერი, შემაჯამებელი აქციისთვის შეკრიბა.

აქციაზე შეკრებილებს, სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანამ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა.

პრემიერ-მინისტრის მიმართვა

„2012 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „სწორება მომავალზე უნდა ავიღოთ“, თუმცა „წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია“. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ნაბიჯ აღადგინა სამართლიანობა და „მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები“ – ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და „[მიხეილ] სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა“ დააკავა.

„1 ოქტომბერს კი – თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში“, – დასძინა მანვე.

მანვე აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას“.

პრემიერისვე თქმით, იმის გამო, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ „არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატია“, ბევრ ადამიანს კვლავ სჭირდება დახმარება და „დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე“.

ირაკლი ღარიბაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს ხალხის მიერ დაფიქსირებული არჩევანი კიდევ ერთხელ გაარკვევს, „თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი 20 მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ“, თუ „ჰუმანური, დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ“.

კახა კალაძის მიმართვა

დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩევლებს 30 ოქტომბრის მეორე ტურებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა „საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში“.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, ქართველმა ხალხმა „კიდევ ერთხელ აირჩია თავისუფლება, სიმართლე, სამართლიანობა, მშვიდობა და განვითარება“ და „ყოველმა მეორე მოქალაქემ“ ნდობა კვლავ ქართულ ოცნებას გამოუცხადა.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება“, – ხაზი გაუსვა თბილისის მერმა.

მანვე მწუხარებით აღნიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ახერხებს „საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას“, მეტიც „ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას“.

„ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან“ და „მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარისა და პარლამენტის სპიკერის მიმართვა

მხარდამჭერებს მეორე ტურებში გამარჯვების „ბოლომდე მიყვანისკენ“ მოუწოდა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება. ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე. ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო – აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება“, – განაცხადა და დასძინა, რომ „ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფებაა“, რომელიც „უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის“.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა იზიარებს, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ქართველი ხალხის „ისტორიულ არჩევანს“. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ქვეყნის მთავარ მოკავშირეებთან ურთიერთობები „ისტორიულ ნიშნულზე“ აიყვანა.

„ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს“, რასაც „აუცილებლად მივაღწევთ“.

თეა წულუკიანის მიმართვა

„სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან! ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ!“, – მიმართა კულტურის მინისტრმა პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე პრეზიდეტს, მიხეილ სააკაშვილს.

„დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის [მიხეილ სააკაშვილის] წინააღმდეგ“, – დასძინა მანვე.

ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან „დამოუკიდებელი“ სასამართლო გვყავს და გვაქვს საპატიმრო, სადაც „პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია“.

მედიის ცნობით, აქციაზე საჯარო მოხელეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მმართველი გუნდის აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოყვანას საჯარო მოხელეები, მათ შორის, ლაგოდეხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები აორგანიზებდნენ.

ამავე ინფორმაციით, ლაგოდეხიდან აქციაზე ძირითადად აქციას საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მათ შორის, ააიპ-ების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები, ასევე ბაგა-ბაღების მენეჯერები და აღმზრდელები დაესწრნენ.

სამოქალაქო სექტორის გამოხმაურება

მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერმა“ აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ დაწერა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, მათგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ხელს კრავს.

„ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელს კრავს ასევე ამავე ტელევიზიის ჟურნალისტს. ერთ-ერთმა მოქალაქემ კი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ კადრებშიც მოხვდა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მიკროფონზე ხელი აუკრა.

აქციაზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტოს მიხედვით, აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ „ტელეკომპანია პირველის“ მიკროფონს სიგარეტი ჩააწვა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ მოუწოდა მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის და გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქარტიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა კანონით აკრძალულია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, შსს ვალდებულია, ხელი შეუწყოს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებები სცდება ამ ვალდებულების ფარგლებს და „ატარებს ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების ხასიათს“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი მასშტაბის არაგონივრულად შემზღუდველი ზომები არც ერთი პარტიის მხარდამჭერების შეკრების დროს არ მიუღია. აღნიშნული ტიპის ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს გამყოფი ხაზი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მმართველ პარტიას შორის“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“.

შენიშვნა: მასალა სამოქალაქო სექტორის გამოხმაურების შესაბამისად განახლდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button