ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დამძიმდა ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ, შიმშილობა გამოაცხადა.

„უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი ცოტა და ა.შ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და „სიტუაცია არის ძაან ახლოს კრიტიკულთან“.

სააკაშვილის ექიმის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს სისხლის იშვიათი დაავადება – ტალასემია აქვს, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. მისივე თქმით, „დაავადება არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის ლიმიტები, ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილობა. ამ დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი“, რადგანაც „ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, რომლის რევერსი არ არსებობს“.

სააკაშვილის ექიმის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურია და განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ცნობები რაიმე გაუარესების შესახე „სიმართლეს არ შეესაბამება“. „მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს… [და] მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, – დასძინა სამსახურმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

მანამდე, 10 ოქტომბერსვე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა პარტია კანონი და სამართლის დამფუძნებელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის წინ. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპის მასშტაბით, მცირე მოცულობის საპროტესტო აქციები გამართეს ქართველმა ემიგრანტებმაც.

ადვოკატებისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიცია

მიხეილ სააკაშვილი დღეს საპატიმროში მოინახულეს მისმა ადვოკატებმა. ყოფილ პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველიცაა, მედიასთან საუბარში თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“ და მათთან კომუნიკაციის დროს, ცვლილებები არ შეუნიშნავთ.

„არ ღირს უტრირება ამ საკითხებით, იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით“, – თქვა მანვე და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს ძალიან მძიმე დარღვევას მისი უფლებების“.

ნიკა გვარამიამ მედიას მიხეილ სააკაშვილის გზავნილიც გააცნო, სადაც იგი მოქალაქეებს მიმართავს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ „ნიჰილიზმის დათესვა“, მათ შორის, მასზე „ზრუნვის“ მოტივით, „საქართველოს მტრის ინტერესშია. ამავე განცხადებაში სააკაშვილი ამომრჩეველს მეორე ტურებში აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მის „წინასწარ გლოვას… სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“.

დღესვე, თითქმის 10-დღიანი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ მისი ოჯახის წევრებს – შვილებს – ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილებსა და დედას – გიული ალასანიას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button