Placeholder canvas
ახალი ამბები

უკრაინაში, პოლონეთში, შვედეთში, ნიდერლანდებსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

უკრაინაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთში, ნიდერლანდების სამეფოსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი იქნება, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. ზაქარაშვილი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან არის, მათ შორის 2016-2019 წლებში, იგი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი – უფროსი მრჩეველი იყო. 2012-2016 ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა, რომელიც 1991 წლიდან დიპლომატიური სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა. მათ შორის, 2014-2018 წლებში იგი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი იყო, 2018 წლიდან კი -საგარეო საქმეთა სამინისტროს სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა. უფრო ადრე კი – ამავე უწყებაში სხვადასხვა პოზიციებს იკაებდა.

შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ხუცურაული იქნება, რომელიც 2019 წლიდან შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის პოზიციას იკავებდა. ხუცურაული დიპლომატიურ სამსახურში 2003 წლიდან მსახურობს. 2008-2013 წლებში იგი იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2004-2008 წლებში კი – იყო იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი. 2003-2008 წლებში მას საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა, რომელიც 2017-2021 წლებში, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი იყო. 2014-2017 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2006-2013 წლებში კი – ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. იგი დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა.

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ზაზა გაბუნია იმსახურებს. იგი, 2017-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2016-2017 წლებში იგი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, 2014-2016 წლებში ნაძალადევის რაიონის გამგებელი, 2013-2014 წლებში კი – თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button