ახალი ამბები

მაკრონი იმედოვნებს, რომ საქართველოს არჩევნები ევროკავშირის სტანდარტებს დააკმაყოფილებს 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ყველაფერი გააკეთოს“ იმისთვის, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს.

29 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი „განსაკუთრებით ფხიზლად იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებასა და ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი „ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების, სახელდობრ პრესის თავისუფლების, მუდამ უფრო ღრმა დამკვიდრებისა და დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად“.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა „მისი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში“, გააგრძელებს მის მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ საქართველოს აღიარების ასი წლისთავის აღნიშვნის ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასული საუკუნის განმავლობაში შესრულებულ „განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button