ახალი ამბები

კახა კალაძე ჟურნალისტის „უბინძურეს“ ადამიანად მოხსენიებისთვის კრიტიკის ობიექტი გახდა

„თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს“, – უთხრა დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს დასმული კითხვის საპასუხოდ. ჟურნალისტისადმი ამგვარი მიმართვისთვის იგი კრიტიკის ობიექტი გახდა.

„თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა“, – დასძინა თბილისის მერმა. მოგვიანებით, კალაძემ თქვა, რომ ვერავინ ნახავს მის ვერცერთ განცხადებას, სადაც იგი ვინმეს შეურაცხყოფს. ჟურნალისტის პასუხს, რომ ორი წუთის წინ მან იგი გალანძღა, კალაძემ უპასუხა – „ეს არის თქვენი სატელევიზიო ეთერები [და] ყველა სიბინძურე, რაც შეიძლება მოიგონოს ადამიანმა“.

ჟურნალისტი კახა კალაძეს „მთავარი არხის“ მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის შესახებ ეკითხებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების წინასაარჩევნო სტრატეგიის გეგმა იყო და კრიტიკული მედიისა და მმართველი გუნდის სხვა ოპონენტებთან ერად, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დისკრედიტაციასაც გულისხმობდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, კახა კალაძის განცხადება „დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია“ და „მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის“.

ქარტია მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები „მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა“, რაც „განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში“. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, „საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა“.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button