ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეები მერაბიშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მიერ გამოძიების არასათანადო „გულმოდგინებით, საფუძვლიანად და სწრაფად“ წარმართვის გამო.

საქმე ეხება მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას 2013 წელს, რაზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), მე–5 მუხლის 1–ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს გამოძიებას, რომელიც სამ წელზე მეტია გრძელდება, და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ამ დარღვევებზეა პასუხისმგებელი.

14-16 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინისტრთა მოადგილეებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს, გააძლიეროს პროკურატურის გარე დამოუკიდებლობა და გააფართოვოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებები.


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) 2017 წელს დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით ის სხვა საქმეების თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენეს.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში თანხის მითვისება–გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. 2014 წელს მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მერაბიშვილმა საპატიმრო 2020 წლის თებერვალში დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button