ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის „მთავარი არხის“ ოპერატორზე სავარაუდო თავდასხმას გმობს

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის განაცხადა დღეს, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში 15 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი, რის შედეგადაც „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა, მმართველი პარტიის „აგრესიული პოლიტიკის“  შედეგია.

კოალიციის თქმით, ინციდენტი ასევე მოიცავს „მთავარი არხის” ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც „გამოძიების პროცესში  გასათვალისწინებელი  გარემოებაა“. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

კოალიციამ მოუწოდა მმართველ პარტიას „არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა“.

დაპირისპირება ქართული ოცნების ოფისში გუშინ მას შემდეგ მოხდა, რაც „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის კომენტარისთვის ქარელში ჩავიდა.

15 სექტემბერს გვიან „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს დაპირისპირება არხის გადამღებ ჯგუფსა და ქართული ოცნების ოფისში მყოფ პირებს შორის, რაც მოგვიანებით აივანზე გაგრძელდა. თუმცა, აივნიდან გადავარდნის მომენტი არ ჩანს. ტელეკომპანიის თავდაპირველი ინფორმაციით, აბლოთია ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს.

აბლოთია საავადმყოფოთან დღეს გაწერეს. გადმოვარდნის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ ოთხი, თუ ხუთი ადამიანი ოფისის აივანზე მისი კამერის წართმევას ცდილობდა. „უკან, უკან მივდიოდი, მინდოდა, რომ დისტანცია მქონოდა აგრესორ ადამიანებთან… უკან მოაჯირი ყოფილა და ამ ჭიდაობაში და ხელის ქნევაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გადმომაგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“.

„ქართულმა ოცნებამ“ უარყო, რომ მისი პარტიული აქტივისტები „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ. მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანიას აბლოთიას გადმოვარდნის ზუსტი ჩანაწერის გამოქვეყნება მოსთხოვა. თავის მხრივ, დეპუტატმა, უსაფრთხოების კამერის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგ აბლოთია გონზეა.

მანამდე მდინარაძემ „მთავარი არხის“ მიერ ინციდენტის გაშუქებას „ბინძური სპეკულაცია“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button