ახალი ამბები

უსაფრთხოების სამსახური სკოლების და ბაღების დირექტორებზე თვალთვალში დაადანაშაულეს

ტელეკომპანია „პირველმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქართული ოცნებისთვის გაგზავნილი სავარაუდო მოხსენებითი ბარათები გაავრცელა, რომლებიც საჯარო სკოლების და ბაღების თანამშრომლებზე, მათ შორის დირექტორებზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.

ტელეკომპანიის მიერ 11 სექტემბერს გაშვებული სიუჟეტის თანახმად, სუს-ის თანამშრომლებმა შეაგროვეს ინფორმაცია სკოლების და ბაღების თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებების, ოჯახური კავშირების, პირადი კავშირების და სოციალურ მედიაში საქმიანობის შესახებ და ეს ინფორმაცია მმართველ პარტიას გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი, სავარაუდოდ, მერიებს, სამინისტროებს და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს ოპოზიციურად განწყობილი პირების სამსახურიდან გათავისუფლება დაავალა.

სიუჟეტის თანახმად, ამ ნიადაგზე, სულ ცოტა, 5 პირი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ტელეკომპანია „პირველის“ თქმით, მან ანონიმური პირისგან მმართველი პარტიის ხელთ არსებული დოკუმენტების ასობით გვერდი მიიღო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტიას სავარაუდოდ, საჯარო მოხელეების „შავი სიაც“ აქვს.

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში, თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, მაია გრიგოლიამ განაცხადა, რომ იგი სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ მთავრობას ღიად მხარს არ უჭერდა. მისივე თქმით, მუნიციპალურ სტრუქტურებში ადამიანები დაქირავებული ჰყავთ, რათა ზემოთხსენებული ინფორმაცია შეაგროვონ.

ტვ „პირველის“ სიუჟეტში საჯარო სკოლის კიდევ ერთი დირექტორი ფიგურირებს, რომელიც ბარათებში მოხსენებულია როგორც „არამყარი, არასანდო“ პიროვნება და რომ ამ პირს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას, პარტია „დროას“ თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების „ფეისბუქის“ გვერდები აქვს მოწონებული.

ამასთან ერთად, სიუჟეტის თანახმად, მასალები ასევე შეიცავს იმ 175 დირექტორის სავარაუდო სიასაც, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ტელეკომპანიის ბრალდებები უარყვეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიას არ აინტერესებს ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვება. იმავდროულად, დეპუტატმა ნინო წილოსანმა დოკუმენტების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ ეს მასალები შესაძლოა თავად ტელეკომპანიამ „ააწყო“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 1 სექტემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში განაცხადა, რომ „გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button