ახალი ამბები

საქართველოს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თავის ნორვეგიელ კოლეგას, ინე ერიქსენ სორეიდეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ნორვეგიული მხარის ინიციატივით გაიმართა.

ორმა დიპლომატმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება და ავღანეთიდან ევაკუაციის საკითხი განიხილა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს „იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებისას“. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს „ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების  სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესების მართვაში“.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ზალკალიანმა თავის ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობისა და ვაქცინაციის პროცესის დადებითი დინამიკის თაობაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button