Placeholder canvas
ახალი ამბები

ზალკალიანი ევროკავშირის სესხზე უარის თქმის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ თავი შეიკავოს ევროკავშირის სესხის აღებისგან მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა“.

„საკმარისად არის საკვანძო სიტყვა ამ განცხადებაში“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1 სექტემბერს. „ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რაღაც ნაწილში ის იღებს იმ რეფორმებს, რომელიც მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა და რაღაც ნაწილში ის ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი“, – დასძინა მანვე.

აღნიშნა რა, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის „განსხვავებული აღქმებია“, ზალკალიანმა განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებით დიდწილად შესრულდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ამბობს მთავრობა უარს ევროკავშირის 75 მლნ ევროს ოდენობის სესხზე და განაცხადა, რომ დამატებითი ვალის აღება გაუმართლებელი იქნებოდა იმ ფონზე, როდესაც „ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა“.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამგვარი ქმედება არ უნდა იქნას განხილული ისე, თითქოს ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსიდან გადახვევას გეგმავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირთან შეთანხმება მოიცავდა როგორც საგრანტო, ასევე სასესხო პირობებს. „პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის საგრანტო პირობები იქნა ამოწურული და მხოლოდ სასესხო პირობები იქნა შენარჩუნებული და სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი ითქვა ამ სესხზე, იყო ის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა დამატებით მიგვეღო გარკვეული ფინანსური რესურსი სესხის სახით“.

„ქვეყნის მიზანია შეამციროს საგარეო ვალი და იყოს ნაკლებად დამოკიდებული იმ ფინანსურს რესურსებზე, რომელიც შემოედინება ქვეყნის გარედან“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button