ახალი ამბები

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგული 5 პირის ნეშტი გადმოასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის ნეშტი გადმოასვენეს. მათგან 2 სამხედრო, 3 კი – მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდები ორი დღის – 13-14 აგვისტოს გაგრძელდება. გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ერთ-ერთ მებრძოლს დღეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, მეორე მებრძოლს კი, რომელიც უკრაინელი იყო, უკრაინაში, ლვოვში გადაასვენებენ.

რაც შეეხენა დანარჩენ 3 მოქალაქეს, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ნეშტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გადმოასვენეს.

მინისტრის აპარატის განცხადებით, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, ამ დრომდე ნაპოვნია 589 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 211.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button