skip to content
ახალი ამბები

საპატრიარქო: ვითარებამ მედიასივრცეში უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიები – „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „სიძლვილის ენის“ გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება“.

„ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო  ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს;  შემდეგ კი, კონტექსტიდან  ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ,  რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჟურნალისტებმა საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირები 5 ივლისს ჰომოფობიური ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს. დედაქალაქში ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.

საპატრიარქოს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ „გარკვეულ გადაცდომებს ერთეული სასულიერო პირების მხრიდან“ გადაცდომას ადგილი მართლაც ჰქონდა, „მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება“. „არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან“, – ხაზი გაუსვა საპატრიარქომ.

საპატრიარქომ უცხო ქვეყნის საელჩოები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები,  საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში“.

„ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ. ასევე, მიზანშეწონილია, შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან“, –  აცხადებენ საპატრიარქოში და დასძენენ, რომ „მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება“.


საპატრიარქოსთან ერთად, მედიის მხრიდან „ფსიქოლოგიურ ძალადობაზე“ ქართული ოცნების ლიდერებიც საუბრობენ. მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კანდიდატად ხელახლა წარდგენისას, ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო, თუმცა იქვე თქვა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.

„არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში“, – ხაზი გაუსვა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button